პარასკევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა, რომლის მთავარი თემა საკმაოდ ძველი და ამ ბოლო ხანს აქტუალობადაბრუნებული კოლხეთის ეროვნული პარკის თემა გახლდათ. კერძოდ, საუბარია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობის სამომავლო ბედზე, რომელიც დღესდღეობით სწორედ ამ პარკის დაცულ ტერიტორიებში შედის.
ამ თემის გაცოცხლებას წინ უძღოდა მოსახლეობის სახელით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელზეც 14 ათასი ადამიანის ხელწერაა დაფიქსირებული. ისინი ითხოვენ, საკრებულომ შეისწავლოს საკითხი და მოამზადოს წერილები, როგორც პარლამენტში, ასევე, სხვა ინსტანციებში გასაგზავნად _ მოსახლეობა ითხოვს, დაუბრუნდეს ხალხს "კოლხეთის ეროვნულ პარკში" დაბლოკილი ბუნებრივი რესურსები და გაუქმდეს ეს პარკი საერთოდ.
ანალოგიური შინაარსის წერილები 1998 წლიდან იგზავნება, არაერთხელ შემდგარა შეხვედრები გარემოს დაცვის მინისტრებთან, ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტის წევრებთან, მაგრამ კომპრომისის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. საგულისხმოა, რომ მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ერთ აზრზე იყო და დათმობას არასდროს აპირებდა. იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული არაა ეროვნული პარკის ლანჩხუთის კუთვნილი ტერიტორია და მიუხედავად ამისა, მაინც მოხდა აღნიშნული ტერიტორიის დემარკაცია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაუკითხავად.
სწორედ, დემარკაციის პროცესმა გამოიწვია ამ საკითხის გააქტიურება და რიგგარეშე სხდომაზე ეს საგრძნობიც იყო. რაც ერთი შეხედვითაც ჩანდა, ადგილობრივი ხელისუფლება კვლავაც ხალხის ინტერესების გათვალისწინებას შეეცდება. ამის დასტურია საკრებულოს ერთსულოვნება და გამგებლის პოზიციაც, რაც ნათლად დაფიქსირდა კიდეც ამ სხდომაზე. რამდენიმე მოწვეულ სტუმარსაც მიეცა აზრის გამოთქმის საშუალება, რომლებიც ამ საკითხს კარგად იცნობენ და მათ კვლავაც დააფიქსირეს ის ურყევი პოზიცია, რომელიც აქამდეც გააჩნდათ.
საკრებულომ გარკვეული მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მომზადდეს შესაბამისი წერილი სხვადასხვა ინსტანციაში დასაგზავნად, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს პრობლემების შესწავლა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილება.