სახალხო კრების მიერ ორგანიზებული, სანქცირებული საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და ბათუმში, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 2011 წლის 21 მაისს დაიწყო და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, სისხლიანი დარბევით დასრულდა.
სასტიკად სცემეს ასობით მომიტინგე. დაიღუპა ორი ადამიანი.
ამ მოვლენებს "გურია ნიუსი" მოვლენების შუაგულიდან აშუქებდა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე კოლეგის მსგავსად 26 მაისს გასროლილი ტყვია და ხელკეტი მეც მომხვდა.
2013 წლის აგვისტოში სასამართლოდან უწყება მომივიდა _ როგორც 26 მაისს დაზარალებულს, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე მიბარებდნენ. პროცესი 4 სექტემბერს იყო ჩანიშნული.
წასვლისთვის მზად ვიყავი, როდესაც კოლეგებისგან გავიგე, რომ გადაიდო. პროკურორს, რატომღაც თავი არ შეუწუხებია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა.
მერაბიშვილის პროცესი ისე დასრულდა, რომ უწყება აღარ მომსვლია. არავინ დაინტერესებულა ჩემი, როგორც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი თვითმხილველის, მონაყოლი მოესმინა. ალბათ, ესეც იმ პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელსაც დღევანდელი გაგებით "სამართლიანობის აღდგენა“ ჰქვია.
მე ყველაფერი მახსოვს, განსხვავებით იმ "კოლეგებისგან“, რომლებიც მხოლოდ იმაზე სწუხდნენ, რომ მომიტინგეებმა სცენა დაარბიეს; მახსოვს, განსხვავებით იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს ხალხს ხმას ეხვეწებიან, 2011 წელს კი მისი პარტიის შეკრებაზე დაზარალებული და დაპატიმრებული ადამიანების ბედით არც კი დაინტერესებულან.
მახსოვს სისხლით მორწყული რუსთაველი, ნინი ბადურაშვილის მიერ შესრულებული ჰიმნი და დღეს ოპოზიციაში მყოფი პირების ბედნიერი სახეები,
ან კი როგორ შეიძლება არ მახსოვდეს _ იმ დღეს ხომ ქართველმა ქართველს ესროლა, შეურაცხყო, შეაგინა!
მე ისიც მახსოვს და თანაც კარგად, სწორედ ამ დარბევის კადრების ფონზე როგორ იმღერეს "ნაციონალური მოძრაობის" საპიარო საღამოზე, ჩოხატაურში, "გურულმა ბიჭებმა“, რომლებიც შემდეგ „ქართული ოცნების“ ლოგოს ქვეშ აგრძელებდნენ შემოქმედებას და რომლის ხელმძღვანელი გოჩა გათაშვილი დღეს კულტურის განყოფილების უფროსია.
მახსოვს და მრცხვენია იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი, არცთუ სასიამოვნო დღეა. ჩემთვის ეს დღე მესამე წელია, ტკივილია, დარდი და მოლოდინია, რომ ამ ქვეყანაში სამართალი თავის გზას აუცილებლად იპოვის, თუმცა, ეს მოლოდინი ყოველ დღე მიცრუვდება.
მიცრუვდება, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც აქციის დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას, დღეს ისევ თანამდებობებზე ვხედავ _ სამართლიანობის დამცველის რანგში.
ვისაც არ სჯერა, კარგად ვურჩევ ამ ფოტოს დააკვირდეს _ ეს მურმან ცირდავაა, სისასტიკით განთქმული პოლიციელი. დღეს იგი რუსთავის პოლიციაში მუშაობს თურმე. ვიდეო კადრებში, რომელიც 2014 წლის 24 მაის არის გადაღებული, იგი სამართლიანობას იცავს.
ჩემგან განსხვავებით, მას, ალბათ, არც იარაღის კონდახით თავგატეხილი ზოტელები ახსოვს და არც 26 მაისს უმოწყალოდ ნაცემი ადამიანები.
როგორც ჩანს, ეს არც იმ ადამიანებს ახსოვს, რომლებიც დღეს მშვიდი სახეებით გვილოცავენ 26 მაისს.
"2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩოხატაურში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ძალას განცხადება არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერები საზოგადოებაში არც კი ჩნდებიან. სახალხო კრების ჩოხატაურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მამია ბარამიძეს 3 დღის განმავლობაში არც ოფისი გაუღია და არც თვითონ გამოჩენილა. ბარამიძე არც მისი პარტიის მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციებზე უნახავს ვინმეს. არც "რესპუბლიკელების", არც "ქრისტიან დემოკრატების", არც "ახალი მემარჯვენეების" და არც "ქართული პარტიის" ჩოხატაურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საგანგებო განცხადებები არ გაუვრცელებიათ.
რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი აქციის დარბევას და დარბევის მეთოდებს ამართლებენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გიორგაძის თქმით, "ბურჯანაძის დაძახილზე" ხალხი ქუჩაში არ უნდა გასულიყო. გამგებელს მისი მოადგილე დიმიტრი კორიფაძეც ეთანხმება და ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კანონის ფარგლებში და სამართლიანად აღკვეთეს.
ჩვენს კითხვას, რას იტყოდნენ, მათი შვილებიც რომ ყოფილიყვნენ აქციაზე და სპეცრაზმელებს დამიზნებით ტყვიები ესროლათ, პასუხი გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლია ხუნდაძემ გასცა:
_ ჩემი შვილი თუ იქ იქნებოდა, რაც დაემართებოდა, იმის ღირსიც იქნებოდა!" _ ეს სტატია გურია ნიუსში 2011 წლის 2 ივნისს გამოქვეყნდა.
გია გიორგაძე დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურს ხელმძღვანელობს, ლია ხუნდაძეც გამგეობის თანამშრომელია, მამია ბარამიძე საკრებულოს წევრია და სამუზეუმო გაერთიანებაშიც არის დასაქმებული… ეს ერთი კონკრეტული სტატიის რესპოდენტები…
იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომლებიც სისხლიან დარბევას ამართლებდნენ შორს წაგვიყვანს.
რას ვიზამთ, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის არ იყოს, "მედროვეებს სად წაუხვალ"!
და მაინც, ამ "მედროვეებისთვის" მათი "გამპრავებლებისთვის", პოლიტიკოსებისთვის, სამართალდამცველებისთვის და საერთოდ, ყველასთვის, უკვე მეოთხედ, ამჯერად 2015 წლის 26 მაისს ვაქვეყნებ სისხლიანი დარბევის კადრებს. ვაქვეყნებ იმისთვის, რომ გვახსოვდეს ის, რაც პოლიტიკოსებს დაავიწყდათ. გვახსოვდეს, რომ ამ კადრებში მონაწილე სამართალდამცველები დაუსჯელები დადიან.