გუშინ, "გურია ნიუსის" პრესკლუბში ადგილობრივ მედიასთან პრესკონფერენცია გამართა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ადგილობრივმა ორგანიზაციამ, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსისა და ლანჩხუთში პროფკავშირების ხელმძღვანელის მაგული კუნჭულიას მისამართით გარკვეული ბრალდებები გაჟღერდა.
"ბატონი ვახტანგის თანამდებობიდან გათავისუფლება დააჩქარა მაგული კუნჭულიამ, რომელსაც დიდი სურვილი აქვს დაიკავოს გამგებლის მოადგილის თანამდებობა; იმის ნაცვლად, რომ პროფკავშირი დაინტერესებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვით, პირიქით ხდება. ბატონ ვახტანგს მაგული კუნჭულიამ უთხრა, რომ იგი თანამდებობიდან კანონიერად გაათავისუფლეს. რა იცის მან წინასწარ, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, რაა კანონიერი?! კუნჭულიას პროფკავშირი დიდი საექსკურსიო ბიურო ჰგონია!" _ ითქვა პრესკონფერენციაზე.
"თავისუფალი დემოკრატების" მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ქალბატონ მაგული კუნჭულიას მივმართეთ, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა:
"მე ელგუჯა ჩხაიძის ("თავისუფალი დემოკრატების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე) განცხადებებზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ", _ გვითხრა მაგული კუნჭულიამ.