საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს.
"ბოლო ორი დღეა ქართული მედია-საშუალებებით ინტენსიურად შუქდება ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე ცვლილებები, მაშინ, როდესაც სათანადო ყურადღება არ ეთმობა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც მეტად სასარგებლოა ხალხისთვის, ვიდრე ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შიდა კონფლიქტები. თუმცა, არის კი ეს საერთოდ კონფლიქტი?
ნაციონალური მოძრაობიდან ახლადგასული წევრების მიმართ ყოფილი თანაგუნდელების ასეთმა აგრესიულმა შეფასებებმა დაბადა ეჭვი, ეს კონფლიქტია თუ მათი ჩვეული პოლიტიკური თამაში. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ახლადგასული წევრები ხალხის თვალში შედარებით პოზიტიურად წარმოჩინდებიან. სწორედ ეს არის საჭირო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.
აქედან გამომდინარე, ამ თემაზე ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებზე მაქვს ერთადერთი პასუხი:- ნაცმოძრაობის წევრების ასეთი ცვლილება ხშირად გვინახავს ბოლო 20 წლის მანძილზე მოქალაქეთა კავშირიდან დაწყებული დღემდე.
ისინი თავად აცხადებენ, რომ კვლავ ძველი ღირებულებების და შეხედულებების ერთგულნი რჩებიან. ანუ, ეს არ არის თვისობრივი ცვლილება, ეს არის მხოლოდ ფასადური სახეცვლილება, რასაც უბრალოდ, ნაციონალური მოძრაობის "პოლიტიკური ფერიცვალება" ჰქვია, _ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.