ევროპის მოსამართლეთა ასოციაცია თურქეთში ამჟამად პატიმრობაში მყოფი ორი მოსამართლის – მეთინ იოზჩელიკის და მუსტაფა ბაშარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ეს ორი თურქი მოსამართლე 2015 წლის 30 აპრილს, სტამბოლში იყვნენ დაპატიმრებულნი მას შემდეგ, რაც მათ პოლიციის თანამშრომლებისა და ჟურნალისტების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ბრძანება გასცეს.
ცნობისთვის, 2015 წლის 16 მაისს ევროპის მოსამართლეთა ასოციაციათა შეხვედრაზე გდანსკში (პოლონეთი), სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის წარმომადგენლები, მიღებული იქნა რეზოლუცია თურქეთის სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაციის თაობაზე.
ევროპის მოსამართლეთა ასოციაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვა წევრი ასოციაციების მსგავსად, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია ევროპის მოსამართლეთა ასოციაციის მიერ მომზადებულ განცხადებას აქვეყნებს:
"2015 წლის 16 მაისს, ქალაქ გდანსკში (პოლონეთი) გამართულ კონფერენციზე, ევროპის მოსამართლეთა ასოციაციამ თურქეთის მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები განიხილა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2015 წლის 30 აპრილს, სტამბოლში ორი თურქი მოსამართლის – მეთინ იოზჩელიკის და მუსტაფა ბაშარის დაკავებისა და პატიმრობის საკითხზე.
ევროპის მოსამართლეთა ასოციაციამ საკუთარ რეზოლუციაში განაცხადა შემდეგი:
• დაკავება და პატიმრობა იმ სავარაუდო საფუძვლით განხორციელდა, რომ მოსამართლეებმა სავარაუდო ეჭვმიტანილის გათავისუფლების ბრძანება გასცეს.
• მოსამართლის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრის ნებისმიერი მცდელობა, კონკრეტულ საქმეზე ფაქტების დასადგენად და კანონის გამოსაყენებლად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
• ევროპის მოსამართლეთა ასოციაცია (EAJ) გმობს ნებისმიერი მოსამართლის დაკავებასა და პატიმრობას იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოსამართლის ფუნქციების განხორციელებისას იქნა მიღებული და მოსამართლეების – მეთინ იოზჩელიკის და მუსტაფა ბაშარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის" ინფორმაციით, 2015 წლის 25 აპრილს, მეთინ იოზჩელიკმა (სტამბოლის პირველი ინსტანციის 29-ე სასამართლო) და მუსტაფა ბაშარმა (სტამბოლის პირველი ინსტანციის 32-ე სასამართლო) გასცეს ბრძანება პოლიციის თანამშრომლებისა და ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ, რომლებსაც ექვსი თვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული. საქმის მწარმოებელმა სახელმწიფო ბრალმდებელმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა გათავისუფლების ბრძანებაზე, რის მიზეზადაც მან გენერალური პროკურორის მოადგილისგან მიღებული დავალება დაასახელა. გათავისუფლების ბრძანების შესახებ გაზეთში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის შემდეგ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა უარყოფითი მოსაზრებები გამოთქვა მეთინ იოზჩელიკის და მუსტაფა ბაშარის მიერ პატიმართა გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭო (HCPJ) ჩაურევლობაში დაადანაშაულა. მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს (HCJP) კომპეტენტური კომისიის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა დაგვიანებული ჩარევის გამო და თანამდებობიდან გაათავისუფლა ზემოხსენებული ორი მოსამართლე. სასამართლომ, რომლის კომპეტენციაშიც არ შედიოდა ეს საკითხი, გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ძალადაკარგულად გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიება დაიწყო ამ ორი მოსამართლის წინააღმდეგ. მათი დაპატიმრება იმ საფუძვლით მოხდა, რომ ისინი იმავე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რომლის წევრებსაც წარმოადგენდნენ პირები, რომელთა გათავისუფლების ბრძანება გასცეს მათ", _ აღნიშნულია ევროპის მოსამართლეთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპის მოსამართლეთა ასოციაცია წარმოადგენს მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის შიგნით არსებულ რეგიონალურ ორგანიზაციას. მისი წევრია 44 სხვადასხვა ქვეყანა. მათ მიზნებს შორისაა როგორც კანონის უზენაესობის, ასევე მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცება და მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით და ყველა წევრ ქვეყანაში.