დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან შესახვედრად მოქალაქეები დილიდან იყვნენ შეკრებილები, თუმცა, მოქალაქეების მიღება, მერის ნაცვლად, ვიცემერმა ალეკო ბურჭულაძემ დილის 11 საათზე დაიწყო.
მოქალაქეთა მისაღებში ჩვენი ყურადღება ქალბატონმა ჟენია ტეფნაძემ მიიპყრო.
"არ დამთავრდა, ბებო, ჩემი მათხოვრობა!"_ასე დაიწყო "გურია ნიუსთან"საუბარი 86 წლის ქალბატონმა, რომელიც, მისი თქმით, უმძიმესად ავადაა _ სჭირდება წამლები, ექიმის მეთვალყურეობა; უმძიმეს სოციალურ-ეკონომიურ პირობებს, მისი განცხადებით, უსახლკარობაც ემატება.
როგორც ჟენია ტეფნაძე ამბობს, პატარა ქოხი, სადაც თვითონ და ერთი შრომისუუნარო შვილი ცხოვრობს, ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან დახმარებას, თუმცა ამაოდ.
"86 წლის ვარ. ბევრჯერ ვიყავი აქ მიღებაზე. ერთხელ, დიდი ხნის წინ ვნახე სიორიძე. დამპირდა, რომ დამეხმარებოდა. მერე ჩემი საქმე მოადგილეს კობა დუნდუას გადააბარა, თუმცა, დუნდუამ მითხრა, აზრზე არ ვარ, რა დახმარებაზე მელაპარაკებიო. აპრილში გამიწიეს ერთჯერადი დახმარება. უმძიმეს მდგომარეობაში ვარ _ სახლის გადახურვას ვითხოვ. გუბერნატორიც შემხვდა და დამპირდა, რომ გაარკვევდა ჩემს ამბავს. ძალიან ხშირად დავდივარ მიღებაზე, ახლა ისე, არ წავალ, თუ პასუხს არ მივიღებ!" _ გვითხრა ქალბატონმა ჟენიამ.
ტეფნაძის თქმით, წინა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, თითქოს, მას 5 000 ლარით დაეხმარა:
"ტყუილია! არანაირი 5 000 ლარი ჩემთვის არ მოუციათ! არაფერი ჩემი სახლისთვის არ გაუკეთებიათ. სხვებს, ვისაც პატრონი ჰყავს, რა არ მისცეს _ სხვა ისეთი გაჭირვებულია, როგორც მე? დაპირებები კი არის, მაგრამ შესრულება? რამდენი წელიწადია ასე გაჭირვებით დავდივარ!"_ გვითხრა მან.
ქალაქ ოზურგეთში, შევარდნაძის #2-ში ნომერში მცხოვრები პედაგოგი პოლინა გოგუა ქალაქ ოზურგეთის მერთან შესახვედრად იყო მოსული _ ქალბატონს მოუწესრიგებელი ქუჩები აწუხებს ყველაზე მეტად:
"საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქუჩა _ ორმოები, გადათხრილი… ისეთი სიტუაციაა, ჭირისუფალს მკვდრის გასვენებაც კი უჭირს. მე რაც ამ ხელისუფლების გამარჯვებისთვის ვიბრძოლე არჩევნების დროს… ხალხი მაგაში ფულს იღებდა, მე კი უანგაროდ ვეხმარებოდი. ახლა ყველაზე უყურადღებოდ არის ეს ქუჩა მიტოვებული. უშუქობია პრობლემაცაა, წყალიც ჩაჭრილი მაქვს სხვისი გადაუხდელობის გამო. შევხვდი ვიცე-მერს, დამპირდა, ვნახოთ!"_ ამბობს გაგარინა.
მოქალაქეების მიღება მალე დასრულდა და ჩვენ ვიცე-მერ ალეკო ბურჭულაძეს კომენტარი ვთხოვეთ, როგორ და რა სახის დახმარების გაწევას აპირებს ქალაქ ოზურგეთის მერია ამ მოქალაქეებისთვის. ვიცე-მერმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა: "მე კი გაგცემთ პასუხს, თუმცა უმჯობესი იქნება თუ პრესსამსახურს მიმართავთ", _ გვითრა ბურჭულაძემ.
პრესსამსახურის კომენტარი კი ასეთია:
"ჟენია ტეფნაძემ, რომელიც ქიქოძის #2-ში ცხოვრობს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ‘’მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მოქალაქეთა დახმარების’’ პროგრამის ფარგლებში 250 ლარი მიიღო. რაც შეეხება პოლინა გოგუას მოთხოვნებს, ახლო პერიოდში მას გარე განათების პრობლემა მოუგვარდება. გზის რეაბილიტაციის საკითხი, რომელსაც ასევე ითხოვს ხსენებული მოქალაქე, 2015-17 წწ. გეგმაშია ჩასმული და აღნიშნულ პერიოდში გაკეთდება. რაც შეეხება წყლის საკითხს, ხსენებული მიმართულება ქალაქის მერიის კომპეტენცია არ არის, თუმცა, მერია ეცდება კოორდინირება გასწიოს და გოგუას წყლის საკითხი მოუგვარდეს."
კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა ქალაქ ოზურგეთის მერი მოქალაქეებს და რომელ საათზე იწყება მიღება, ქალაქის მერიაში გვპასუხობენ: "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიღება ყოველ ოთხშაბათს, 11 საათზე იმართება. დღეს მოქალაქეები ვიცე-მერმა, ალეკო ბურჭულაძემ მიიღო. მიღებაზე რვა მოქალაქე გამოცხადდა. რაც შეეხება ქალაქის მერს, მოქალაქეთა მიღებას ის თითქმის ყოველ ოთხშაბათს ესწრება. გამონაკლისია ცალკეული შემთხვევები, როდესაც მას გადაუდებელი შეხვედრა ან სხვა სახის აუცილებლობა აქვს."