დღეს, ვაკის პარკში "ბრიტანულ კუთხეში" ქართულ-ბრიტანულმა სავაჭრო პალატამ, "ბრიტანულმა კუთხემ" (British Corner) ვაკის პარკში და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ ღონისძიებას "დააგემოვნე ბრიტანეთი" (Taste Britain) უმასპინძლეს.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
"მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიების "დააგემოვნე ბრიტანეთი" თანამასპინძელი ვარ და რომ ჩემთან ერთად სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძეც იმყოფება. ჩვენ მისი სამინისტროს საქმიანობის დიდი მხარდამჭერები ვართ,"_ განაცხადა თავის გამოსვლაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა და აღნიშნა რომ უკვე რამდენიმე "დააგემოვნე საქართველოს" უმასპინძლეს ლონდონში, სადაც საუკეთესო ქართული პროდუქციის დაგემოვნება იყო შესაძლებელი და ეს ინიციატივა თბილისშიც განხორციელდა. ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების განხორციელების პროცესშია და იმედი გამოთქვა, რომ ამ ტიპის გაცვლები უფრო ხშირად მოხდება.
"ძალიან სასიამოვნო ღონისძიება იმართება. ქართული კულინარია უკვე დააგემოვნა ლონდონმა. დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ბრიტანულ კულინარიას გავეცნოთ. საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის უცხო არ არის დიდი ბრიტანეთის მწერლობა, ჩვენთვის ახლობელია ბრიტანული მუსიკა, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ბრიტანულ გუნდებს. ასე, რომ დიდი ბრიტანეთის კულინარიის მრავაფეროვნება ჩვენს რეალობაში შემოვა", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.