9-10 ივნისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.
ახალგაზრდა რეჟისორი ლევან ხვიჩია უილიამ შექსპირის პიესას "აურზაური არაფრის გამო" დგამს.
თეატრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლევან ხვიჩია ახალგაზრდა რეჟისორთა პლეადის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია, რომელმაც რობერტ სტურუას სახელოსნო დაამთავრა და არაერთი სპექტაკლი განახორციელა რუსთაველის თეატრშივე. მას სპექტაკლები ასევე დადგმული აქვს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრშიც.
ახალგაზრდა რეჟისორთან ლევან ხვიჩიასთან ერთად საპრემიერო სპექტაკლზე იმუშავეს ცნობილმა ქართველმა სცენოგრაფმა, მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატმა ლომგულ მურუსიძემ, კოსტიუმების მხატვარმა ქეთევან ციციშვილმა და ქორეოგრაფმა მარიკა ქვეთაიამ. რეჟისორის ასიტენტია მაკა მამულაიშვილი. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის სამივე თაობის მსახიობები მონაწილეობენ.
მაყურებელი სპექტაკლში საქართველოს დამსახურებულ არტისტებს ომარ ურუშაძეს და ნუგზარ ბარამიძეს იხილავს. მათ პარტნიორობას უწევენ ირაკლი ვადაჭკორია, ლევან საღინაძე, გიორგი დოლიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, თემურ კვირკველია, ზვიად ჯორბენაძე, გენადი ნიკოლაიშვილი, ანი გოდერძიშვილი, შორენა გვეტაძე, თეა კეჭაყმაძე, ივანე ჩხაიძე.
საპრემიერო ჩვენებები ოზურგეთის თეატრში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.