თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციაზე მომუშავე კომპანია "გეოგრაფიკის" წარმომადგენლებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელები, მერიის არქიტექტურიის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები, აქრიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცეფციის ფარგლებში, რომელზეც დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი" მუშაობს, თბილისის ისტორიულ ნაწილში მოხდება შენობა-ნაგებობის აღნუსხვა, რეალური მდგომარეობის ვიზუალური შეფასება და ამ არეალის ძირითადი ნიშან-თვისებების განსაზღვრა. ცალკეულ ზონებზე მოხდება პრიორიტეტების კლასიფიკაცია ავარიულობის ხარისხისა და ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით.
შეიქმნება ქალაქის ურბანული ქსოვილის გაუმჯობესების გეგმა უბნების მიხედვით, ხოლო თითოეულ უბანში შეფასდება არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და დაისახება მათი განვითარების გეგმა.
შეხვედრა კომპანია "გეოგრაფიკის" მიმდინარე სამუშაოების შესახებ პრეზენტაცით დაიწყო, შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსჯელობა გაიმართა თბილისის ისტორიული ნაწილის კონცეფციის შექმნის მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომლის გათვალისწინებითაც პროექტზე მუშაობა გაგრძელდება.
„აუცილებელია ჩატარდეს ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული კვლევა, ვინაიდან არის მთელი რიგი შენობები და უბნები, რომლებსაც თავის დროზე ხელოვნურად მიენიჭა სტატუსი და იქ რაიმე სახის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მართლა ვიცოდეთ საზღვრები, იმიტომ რომ ამ საზღვრების ფარგლებში მიდგომები განსხავვებული უნდა იყოს. თუ იქ რაიმე სახის სამუშაოებს ჩავატარებთ, ძალიან სკულპლუოზურად და მემკვიდრეობის წესების დაცვით უნდა განხორციელდეს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნაზე კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა 3 თვის წინ გამოაცხადა. მასზე გამარჯვებული კომპანია დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“ დაახლოებით 2 თვეა მუშაობს. მათი მოწვევით, კონცეფციის შექმნაში ჩართულია ცნობილი ჰოლანდიელი ურბან-ეკონომისტი ალე ელბერსი. პროექტი დაწყებიდან 6 თვეში დასრულდება.
ძველ თბილისში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილის ავარიულობის გამო, საჭირო გახდა, სათანადო კვლევების საფუძველზე, ქალაქის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. კვლევის არეალად განისაზღვრა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ძირითად რუკაზე არსებული 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს მიერ 2007 წელს დადგენილი ნუსხის მიხედვით შეირჩა.