ქართულმა ადგილობრივმა გაზეთებმა უნდა მიბაძონ და ნახონ როგორ გამოიყურება ადგილობრივი გაზეთები ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში; გააფართოვონ სარეკლამო ბაზარი და გაზარდონ მცირე განცხადებების რაოდენობა – ამბობს პოლონეთის ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის, კვირეული "პშელომის", ასევე, პორტალ przelom.pl-ის გამომცემელი, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში განხორციელებული მედია-პროექტების ექსპერტი ალიცია მოლენდა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ქართულ ადგილობრივ გაზეთებს ევროპულ სტანდარტამდე მისაღწევად გარკვეული გზა გასავლელი კიდევ აქვთ.
"ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი, როგორც ცალკეული მედია პროდუქტი", – ამ თემაზე ქართული ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლებისთვის პოლონურმა ფონდმა "განათლება დემოკრატიისათვის" სამდღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგებს ფონდის კოორდინატორი აგნეშკა ნოვინკა, ალიცია მოლენდა და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთი"-ს ტრენერი მარჩინ ბანკი უძღვებოდნენ.
ალიცია მოლენდა: ჩვენ ერთ სფეროში ვმუშაობთ, ამიტომ ადგილობრივი მედია პოლონეთშიც და საქართველოშიც არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ადგილობრივი პრესა უნდა განიხილავდეს მხოლოდ იმ თემებს, რომელიც არის საინტერესო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და კერძოდ, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გაზეთი ვრცელდება. ადგილობრივი პრესის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მხოლოდ ადგილობრივ ინფორმაციებს უნდა შეიცავდეს. განსხვავება საქართველოს ადგილობრივ პრესასა და პოლონურ ადგილობრივ პრესას შორის მხოლოდ გაზეთის ხარისხშია; პროდუქტში, რომელიც სტამბიდან გამოგვაქვს. განვსხვავდებით რეკლამების რაოდენობითაც, პოლონურ გაზეთებში ძალიან ბევრი რეკლამაა საქართველოს გაზეთებთან შედარებით. ამასთანავე, პოლონეთის ადგილობრივი გაზეთები აუცილებლად აფინანსებენ თავის თავს, თვითმყოფადები არიან, საქართველოს ადგილობრივ მედიასაშუალებებს კი, ხშირ შემთხვევაში გრანტები აქვთ.
_პოლონურ ადგილობრივ გაზეთებს დამატებითი დახმარება, ფინანსური წყარო აქვთ?
_არანაირი დამატებითი ფინანსური წყარო. სახელმწიფო დაფინანსებიდან არანაირი დოტაციები არ არის, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. საკუთარი თავის ფუნქციონირებით საკუთარი ძალისხმევით გვაქვს შემოსავალი. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის როდესაც ვნახე, რომ საქართველოს ადგილობრივი გამომცემლობების ელექტრონული ვერსიები, პორტალები ძალიან კარგ დონეზეა, ხშირ შემთხვევაში პოლონეთის პორტალებსაც სჯობს.
_ განვითარების რა კუთხით უნდა წავიდეს ქართული ადგილობრივი მედია, რომ უფრო მაღალ სტანდარტს მიაღწიოს?
_ ადგილობრივ გაზეთებს შეუძლიათ მიბაძონ და ნახონ როგორ გამოიყურება ადგილობრივი გაზეთები ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. იმის მიუხედავად, რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში უფრო მოკრძალებულია, ვიდრე ევროპაში, გაზეთები მაინც უნდა ცდილობდნენ მოიძიონ ეს რეკლამები ან გაზარდონ მცირე განცხადებების რაოდენობა. თქვენთან ძალიან მცირე რაოდენობაა მცირე რეკლამების, რაც მნიშვნელოვანია. პოლონეთში ადგილობრივი გაზეთების არსებობის პირველივე დღიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მცირე განცხადებებს და მათი რაოდენობა ყოველთვის დიდი იყო. ასევე, მაკეტების შეცვლაზე ვიმუშავებდი ქართულ გაზეთებში რომ ვყოფილიყავი, შესაცვლელია სურათების ხარისხიც. ქართული ენა არ ვიცი, ამიტომ სტატიების შინაარსობრივ მხარეს ვერ შევაფასებ. ვიმედოვნებ, რომ ქართველ ჟურნალისტებს არა აქვთ თვისება რომ რაღაც ინფორმაცია ინტერნეტიდან გადაბეჭდონ. ვიმედოვნებ, შინაარსობრივი მხარე ადგილობრივ საკითხებს ზუსტად ასახავს. ადგილობრივი გაზეთების რედაქტორებმა და გამომცემლებმა ყური უნდა დაუგდონ თავიანთ მკითხველებს. სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინონ მათ საჭიროებებზე, თანამედებროვე მკითხველს ურჩევნია წაიკითხოს უფრო მოკლე ტექსტები, ვიდრე ადრე კითხულობდა, ამ კუთხითაც უნდა იმუშაოთ. გაზეთის შინაარსობრივ მხარეს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი აქვს, ვიდრე დიზაინს. გაზეთი მხარს უნდა უჭერდეს და მკითხველს სჭირდებოდეს, ამისთვის მას პრაქტიკული ინფორმაცია უნდა გადასცეს, რომელიც ცხოვრებას გაუმარტივებს.
_ ფონდი "დემოკრატიული აღმოსავლეთი” საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. რა შეიცვალა საქართველოს მედია-ბაზარზე თქვენი ტრენინგების შემდეგ და საქართველოს გარდა რომელ მედი-აბაზარს იკვლევს?
_ 7 წლის წინ არცერთ გაზეთს თავისი ვებ-გვერდი არ ჰქონდა, საუბარი აღარ არის პორტალებზე. ახლა ვატყობთ, რომ გაზეთები შეიცვალნენ და ბევრმა გაზეთმა გაითვალისწინა და გაიზიარა პოლონეთის გამოცდილება, რადგან წლების განმავლობაში ექსპერტები და ტრენერები ქართველი ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს ატარებდნენ. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები, თუ რა სწრაფად განვითარდა ქართული პორტალი დაარსებიდან დღემდე.
_ საქართველოს გარდა კიდევ რომელ ქვეყნებში მუშაობთ და რა მდგომარეობაა იქ ადგილობრივი მედიის განვითარების კუთხით?
_ გვიმუშავია ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამჟამად უკრაინის მედიაზე ვმუშაობთ; ასევე, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ცენტრალურ აზიასა და ტაჯიკეთში. ამ ქვეყნებში ადგილობრივი გაზეთების დონე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართული ადგილობრივი გაზეთები ლიდერები არიან და პირველ ადგილზე იმყოფებიან პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. ძალიან ბავრი შესამჩნევი ეფექტია სემინარების და ტრენინგების შემდეგ.
_ ტრენინგისას აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ საკითხში ქართული მედიაპორტალების პროდუქტი პოლონურ მედიაპროდუქტზე უფრო კარგია. რა აქვს ქართულ მედიაპორტალებს ისეთი, რაც პოლონეთში ჯერ კარგად განვითარებული არ არის?
_ მოკლე ვიდეო ფილმები. ეს ის არის, რაც პოლონეთში ჯერ კარგად განვითარებული არ არის. ქართულმა მედიაპორტალებმა ამ მხრივ იმიტომ გაგვისწრეს, რომ ამ საკითხში სხვადასხვა გზებით წამოვედით. საქართველოს ჰქონდა საშუალება მარტივი, მცირე ფილმები გაეკეთებინა, პოლონეთმა სხვა გზა აირჩია, აკეთებდა გრძელ, ხარისხიან ფილმებს, რომლებიც მოითხოვდნენ დიდ ხარჯებს, ამან კი არ გაამართლა. ამიტომ გვაჯობეთ.
_ სამოქალაქო აქტივობა რა დონეზეა საქართველოში პოლონეთთან შედარებით?
_ ვფიქრობ, პოლონეთმა გარკვეულ დონეს და თავის მიზანს მიაღწია, რადგან საზოგადოება უკვე ნაკლებად არის დაინტერესებული ზოგიერთი საზოგადოებრივი საკითხით. საქართველოს აქვს კონკრეტული მიზანი და ამ მიზნისკენ განვითარების გზაზეა. ვფიქრობ, ქართველი ხალხი უფრო მეტად არის ჩართული საზოგადოებრივ საკითხებში. პოლონეთში მოსახლეობა უკვე ნაკლებად არის დაინტერესებული პოლიტიკით, რადგან უკვე აქვთ საშუალება იოცნებონ დასვენებაზე, აირჩიონ გართობის სხვადასხვა სახეობები და მოგზაურობა. თუმცა, მალე პოლონელი ხალხის წინ რთული პერიოდი დადგება, როდესაც დამოუკიდებლად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს, ვინაიდან ევროკავშირში შესვლისთანავე ის დახმარებები შეგვიწყდება, რასაც ევროკავშირი ჩვენ წლების განმავლობაში გვიწევდა.
_ იცნობთ თუ არა "გურია ნიუსის" გაზეთისა და ვებ-პორტალის და როგორ შეგვაფასებთ?
_ სემინარზე ჩამოსვლამდე მინდოდა გამეცნო ყველა გაზეთი, თქვენს ვებ-გვერდზეც შემოვედი და ძალიან მომეწონა. დადებითი აზრი მაქვს თქვენი გაზეთის ვებ-პორტალზე. თუმცა, თუ იმ შენიშვნებსაც გაითვალისწინებთ, რაც ზემოთ გითხარით, გაცილებით უკეთესი შემოსავალი გექნებათ.