ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში ხუთი პატიმრის შიმშილობის დაწყებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც უწყების პრესსამსახურში ამბობენ, პატიმრებმა შიმშილობა დღეს დილიდან გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელების ცემაში მსჯავრდებულმა პირებმა, რომლებსაც განაჩენი გუშინ გამოუტანეს, შიმშილობა დაიწყეს.
პოლიციელების ცემაში მსჯავრდებული პირები სასამართლოს განაჩენის გადახედვას ითხოვენ.
"გიდასტურებთ, რომ პატიმრები დილიდან, განაჩენის გადახედვის მოტხოვნით შიმშილობენ, რაც სამინისტროს კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მუდმივად არიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია", _ უთხრეს "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ საქმის შესახებ "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან დაკავებული მამაკაცის, თემურ გაბუნიას გაქცევას.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, პოლიციელებისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ საქმეში ბრალდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა იქეთ მიაყენეს. თუმცა, გუშინ, ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ საქმეში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო. 5 პირს პატიმრობა, ორ ქალბატონს კი ჯარიმა შეუფარდა.
როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებული მაია კეკელია ამბობს, შიმშილობის უკიდურესი ფორმით პროტესტს მსჯავრდებულებმა განაჩენის გამოტანის შემდეგ მიმართეს.
"დამირეკეს ციხიდან და მითხრეს, რომ ბიჭებმა შიმშილობა დაიწყეს. სხვა ინფორმაცია არ ვიცით. გუშინვე იყო ჩვენთვის ცნობილი, რომ ჩვენი საწინააღმდეგო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ისინი შიმშილობას დაიწყებდნენ. ხვალიდან მეც ვაპირებ პროტესტის ამ ფორმას მივმართო“, _ ამბობს კეკელია.
ამავე თემაზე:
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
პატრულის ცემისთვის ქალბატონებს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა (ვიდეო)
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ“
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
რა განაჩენი გამოუტანა პოლიციელების ცემაში ბრალდებულებს სასამართლომ