"კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება", რომელიც გასული წლის დეკემბერში შეიქმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის გადაწყვეტილებით და მასში კულტურის სფეროს სხვადასხვა სამსახურებია გაერთიანებული, მორიგი საკადრო ცვლილებების მოლოდინშია. უახლოეს დღეებში მუშაობას შეუდგება სპეციალური კომისია, რომელიც გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების საშტატო განრიგსა და თითოეული თანამშრომლის სახელფასო განაკვეთს გადახედავს და შეისწავლის. სწორედ, ამ კომისიის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რა საშტატო განრიგითა და ფორმით გააგრძელებს ფუნქციონირებას ეს გაერთიანება.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ, რომელიც კომისიის წევრიცაა, საკრებულოს ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ თავად აღიარა, მსგავსი გაერთიანებების შექმნამ არ გაამართლაო. არადა, როცა გამგებელი რეორგანიზაციის აუცილებლობაზე საუბრობდა, არგუმენტად ის კულტურის სამინისტროსა და მხარის გუბერნატორის პოზიციებს იშველიებდა, რომ მას ამ საკითხებზე ჰქონდა მათთან საუბარი და დადებითი შეფასებაც მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ამ კუთხით სამინისტროს დამოკიდებულება ცალსახაა და იგი ამ დარგს პრიორიტეტულად მიიჩნევს. ამის დასტურია, თუნდაც, მინისტრის სტუმრობა ურეკში, სადაც ის გურიის რეგიონის კულტურის დარგის მუშაკებს შეხვდა. სწორედ, აქ გაესვა ხაზი კულტურული მემკიდრეობის მნიშვნელობას, არადა, ლანჩხუთის გამგებელმა საკუთარი გადაწყვეტიულებით, უპირობოდ გააუქმა ეს სამსახური და კულტურის გაერთიანებაში არანაირი სახით არ შეიყვანა.
გარდა კულტურული მემკვიდრეობის სრული იგნორისა, კარგი დღე არც სახელოვნებო სკოლებს დაადგათ, რადგან ისინი დიპლომის გაცემის კუთხით, გარკვეული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ.
ექსპერიმენტის გაუმართლებლობაზე თავშივე საუბრობდა ოპოზიცია, რომ რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი, ნაჩქარევი და გაუმართლებელი იყო. მათი აზრით, იგი მხოლოდ ძველი და არასასურველი კადრების სახლში გაშვებას ემსახურებოდა. ოპონენტთა თქმით, სანამ საკრებულო თანხმობას მისცემდა გამგებელს რეორგანიზაციაზე, კომისიის სხდომაზე საკმაოდ კონსტრუქციულად იმსჯელეს საკითხთან დაკავშირებით და დეპუტატთა უმრავლესობა სისტემაში სტრუქტურული ცვლილებების წინააღმდეგი იყო. თუმცა, გასული წლის 26 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე არც ერთი კომისიის დასკვნა არ გაჟღერებულა და დეპუტატების უმრავლესობამ, კანონის თანახმად, გამგებელს რეორგანიზაციის უპირობო თანხმობა მისცა და სრული უფლებაც მიანიჭა. არადა, საკრებულოს არც ერთმა წევრმა არ იცოდა, რა სახეს მიიღებდა რეორგანიზაციის შემდეგ ეს სამსახური, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხს არ ახლდა რეორგანიზებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დებულებების პროექტები, არ იყო წარმოდგენილი მათი სტრუქტურის პროექტები, საშტატო რიცხოვნების საპროექტო მონახაზები. მასალას, ასევე, არ ახლდა განმარტებითი ბარათი, თუ რა ფინანსური შედეგის მომტანი იყო ეს ცვლილებები ლანჩხუთის ისედაც მწირი ბიუჯეტისთვის.
გამგეობის მიერ მომზადებული პაკეტი, ძირითადად, ორი პუნქტისგან შედგებოდა: 1. პროექტის მიღების მიზეზი, მიზანი და არსი. 2. პროექტის ფინანსური დასაბუთება.
პირველ პუნქტში ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ ყველა ზემოჩამოთვლილ ა(ა)იპ-ებს გააჩნიათ ადმინისტრაცია, ბიუჯეტი და ცალ-ცალკე ახორციელებენ შესყიდვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობა მიიჩნევს, რომ ერთი ადმინისტრაციის პირობებში ყველა მათგანის გაერთიანება უფრო ეფექტურს გახდის დარგის მართვას, ასევე, ხელს შეუწყობს საერთო მიზნების გახორციელებას ნაკლები ფინანსური რესურსის ხარჯვის პირობებში. რაც შეეხება ფინანსურ დასაბუთებას, აქ მხოლოდ ერთი რამ წერია: "პროექტის მიღება არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას".
ოპენენტები სკეპტიკურად უყურებენ კულტურის გაერთიანებაში მოსალოდნელ ცვლილებებს და მას მორიგ საკადრო წმენდად მიიჩნევენ. მათი აზრით, კომისიის შექმნა დიდ ვერაფერს შედეგს ვერ მოგვცემს, მითუმეტეს, რომ გამართული სტრუქტურა არ არსებობს, რაზეც შემდგომ უნდა შეიქმნას სამსახური.
კომისიის შექმნის აუცილებლობაზე კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია იმნაიშვილი თავშივე აკეთებდა აქცენტს და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მწირ ხელფასებზე საუბრობდა, რომლის თქმითაც, სამსახურის ბიუჯეტი მთლიანად 867 ათასი ლარია და მისი 86% მთლიანად ხელფასებს ხმარდება.
თავად იმნაიშვილიც ადასტურებდა, რომ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში მაღალი ხელფასებია, რამაც გარკვეული წინააღმდეგობები წარმოშვა ორგანიზაციაში შემავალი სხვადასხვა სუბიექტებში დასაქმებულ პირთა მხრიდან, სადაც დაბალი ხელფასებია. აქვე იმნაიშვილი აქცენტს, ხარჯვით ნაწილში თანხების დეფიციტზეც აკეთებდა.
თავის დროზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე რეორგანიზაციის აუცილებლობას შტატების გადატვირთვით ხსნიდა: კულტურის სფეროს სამსახურები ერთ სისტემაში უნდა მოექცეს, რომ მართვა გახდეს უკეთესი, ამით ბიუჯეტში თანხაც დაიზოგებაო, _ ამტკიცებდა გამგებელი, თუმცა, გატარებული რეორგანიზაციით არც თანხები დაზოგილა და არც შტატები შემცირებულა, პირიქით.
დეპუტატი კახა ასკურავა, რომელმაც ადრე მხარი არ დაუჭირა მოსალოდნელ რეორგანიზაციას, ამბობს, რომ დეპუტატთა ნაწილმა გამგებელი იმთავითვე გააფრთხილა, რომ ამ სახით გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება სარისკო იყო:
"მათ მოინდომეს ახალი ველოსიპედის გამოგონება, არადა, ის გამოგონებულიც იყო და გამართულადაც მუშაობდა. საქმემ, რომელიც მათ წამოიწყეს, ღრმად დაამთქნარა. ყველაფრის თავი და თავი არასწორი მენეჯმენტია. ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებად არაკომპეტენტური პირები არიან დანიშნულები. სამსახურების ბიუჯეტის 80%-ზე მეტი სახელფასოა და არც ერთ მათგანს წლის ბოლომდე თანხები არ მიჰყვება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მკაფიოდ გაკეთდა განცხადება ქამრების კიდევ უფრო შემოჭერის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ბიუჯეტებზე", _ ამბობს ასკურავა.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე, ხელახალ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ასე კომენტარს აკეთებს: "რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს იქნება კონკურსის ტიპის განხილვა. ფაქტია და ვერავინ უარყოფს, რომ შტატები გადატენილია. ის ადამიანები, რომლებიც პროდუქტს ქმნიან, მიზერულ ანაზღაურებას იღებენ. ამიტომაც, აუცილებელია, გადაიხედოს საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი. კომისია გაითვალისწინებს თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციას, სამუშაო გამოცდილებას და, რა თქმა უნდა, განათლებას".
ცვლილებები რომ ნაჩქარევი იყო, ამას ადასტურებს გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია იმნაიშვილი:
"ნაჩქარევად მოგვიწია ძველი სტრუქტურის დამტკიცება, ამიტომაც გახდა აუცილებელი სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც კომპეტენტური ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული. თითოეული ანსამბლი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ასე შემდეგ, შემოწმდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ. კომისია შეისწავლის, როგორაა შტატები გადანაწილებული, როგორია მათი სახელფასო განაკვეთი. ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება ეს სისტემა. აქ არ არის საუბარი ხალხის გაშვებაზე. თავიდანვე ვითხოვდი კომისიის შექმნას. წინასწარ არ ვიცი, რა და როგორ იქნება, რა საშტატო განრიგი შენარჩუნდება. ყველაფერს კომისია შეისწავლის. კომისიაში მოწვეულები გვყავს სპეციალისტები ჩოხატაურიდან და ოზურგეთიდან, რომლებიც საკუთარი გამოცდილების მაგალითით იხელმძღვანელებენ".