საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა ბაგებში სტიქით დაზარალებულ სამ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება მიუტანეს.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში უკვე ორი დღეა სხვადასხვა სახის ნივთები და პროდუქტები გროვდება. აქციაში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
საკვების, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების შეგროვება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში კვლავ გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაუწიონ.
სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა პირველივე წუთებიდანაა ჩართული.
ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, საინჟინრო, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადები მონაწილეობს. გაწმენდა-აღდგენით სამუშაოებში ჩართულია ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც.
ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე, ასევე ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიაზე და სოფელ ახალდაბასთან, რომელიც ყველაზე რთულ ობიექტს წარმოადგენს.