დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძემ და დეპუტატებმა, სხდომაზე თბილისში დატრიალებულ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს.
საკრებულოს სხდომას ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე ესწრებოდა.
2015 წლის 16 ივნისის საქართველოს მთავრობის #123 განკარგულების თანახმად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 314,8 ათასი ლარი, _ ამის შესახებ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მარიკა ნაცვალაძემ ისაუბრა. აქედან გამომდინარე, საჭიროა გახორციელდეს ცვლილებები, _ განმარტა ნაცვალაძემ.
_ საგზაო ინფრასტრუქტურის ხარჯები 1 062, 4 ათასი ლარით გაიზრდება, ბინათმშენებლობის _ 752, 8 ათასი ლარით, კეთილმოწყობის სამუშაოები _ 448,5 ათასი ლარით. საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 2015 წლის 20 იანვრის # 39 განკარგულებით გამოყოფილი იყო 221, 6 ათასი ლარი. აღნიშნულ განკარგულებაში შევიდა ცვლილება და ეს ხარჯი შემცირდა 170,6 ათასი ლარით,“_ აღნიშნა ნაცვალაძემ.
როგორც აღმოჩნდა, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დაფინანსება 120, 000 ლარით შემცირდება; შრომის ანაზღაურება შემცირდება 70, 000 ლარით.
ქალაქ ოზურგეთის მერიას დაფინანსება 160,000 ლარით შეუმცირდება; შრომის ანაზღაურება შემცირდება 150 000 ლარით, სკოლამდელი განათლების დაფინანსება შემცირდება 70 000 ლარით, სუბსიდირება _ 70, 000 ლარით, სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილ თანხას 10, 0 ათასი ლარი მოაკლდება, ხოლო კულტურული ღონისძიებების დაფინანსება 10, 000 ლარით შემცირდება.
დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა განაცხადა, რომ ის რამდენიმე ხნის წინ ითხოვდა სახელფასო ფონდის შემცირებას, დააყენა კიდეც საკითხი, თუმცა, არ მიიღეს. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დეპუტატს უპასუხა, რომ მას “ფონდის შემცირება სწორად არ ჰქონდა გათვლილი“.
_ თუ გვინდა რეალურად ქამრების შემოჭერა, პირველ რიგში, თავმჯდომარემ, მოადგილემ და კომისიის თავმჯდომარეებმა უნდა შეიმცირონ ხელფასები! _ აღნიშნა ძიმისტარაშვილმა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ უმალ მიაგება პასუხი: ძიმისტარაშვილი ხომ არ დაგვებრუნებინა კომისიის თავმჯდომარედ?