ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გია გოგუაძემ ბოლო საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საკრებულოში ერთ-ერთი ფრაქცია კანონდარღვევითაა შექმნილი და ბიუჯეტმა ამით 15 ათასი ლარი იზარალა, თუმცა, რომელ ფრაქციას გულისხმობდა, გოგუაძეს არ დაუკონკრეტებია.
საუბარი ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორებს" შეეხებოდა, რომლის თავმჯდომარე ჯურუყვეთის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მახათაძეა, წევრები _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე და ჩიბათის მაჟორიტარი იოსებ სარჯველაძე. სწორედ სარჯველაძის პარტიული კუთვნილების საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა საკრებულოს წევრებს შორის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ვახტანგ ზენაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოძახილი საკრებულოშიც მალევე მოჰყვა _ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები", საკუთარი განცხადების საფუძველზე, სოფელ ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ დატოვა, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებას ზენაიშვილის მხრიდან ზეწოლით ხსნიდა.
ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ, სამი წევრისგან შემდგარი ფრაქცია დაიშალა, თუმცა, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე ამბობდა, ეს დაშლა მხოლოდ რამდენიმედღიანი იყო, რადგან ჩიბათის მაჟორიტარი იოსებ სარჯველაძე "ქართული ოცნება _ კონსერვატორების" ფრაქციიდან გამოდიოდა და "თავისუფალ დემოკრატებს" უერთდებოდა. მაგრამ, როგორც საბოლოოდ გაირკვა, სარჯველაძეს ოფიციალურად არავისთვის მიუმართავს ერთი ფრაქციიდან მეორეში გადასვლის განცხადებით და არც «კონსერვატორები" დაუტოვებია:
"სარჯველაძე "თავისუფალი დემოკრატების" კაცი იყო. თავისუფლად შეგვეძლო ოთხკაციანი ფრაქცია შეგვექმნა, მაგრამ ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, დავთმეთ, რომ "კონსერვატორებს" ფრაქცია შეექმნათ. როცა ჭიჭინაძემ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მე ვესაუბრე სარჯველაძეს, რომელმაც დამიდასტურა, რომ "კონსერვატორებს" დატოვებდა და ჩვენთან გაერთიანდებოდა. მან ამის თაობაზე განცხადებაც კი შეიტანა კანცელარიაში, თუმცა, მალევე გადაიფიქრა და პოზიცია შეიცვალა. მაქვს ინფორმაცია, რომ იოსებ სარჯველაძესთან ამ თემაზე საუბარი მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გელა კილაძეს ჰქონდათ. სწორედ, ყველაფერმა ამან იქონია გავლენა სარჯველაძის გადაწყვეტილების შეცვლაზე.
სარჯველაძე ჩვენი პარტიის წევრია და მისი სხვა ფრაქციაში ყოფნა უკანონოა. ძალიან მალე, საკრებულოში ერთმანეთის მიყოლებით ორი ფრაქცია დაიშლება, ჩვენ კი ძალიან მალე გვექნება ფრაქცია", _ ამბობს ჩხაიძე.
ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძე განმარტავს, რომ სარჯველაძე არც ერთი პარტიის წევრი არაა, მისი ფრაქცია სრული კანონის დაცვითაა შექმნილი და ბიუჯეტსაც, შესაბამისად, არანაირი თანხა არ უზარალია.
თავის მხრივ, იოსებ სარჯველაძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის რომან ბიწაძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში ის კანონდარღვევას ვერ ხედავს: "არანაირ უკანონობას არ აქვს ადგილი. მესმის ოპოზიციის _ მათ აქვს სრული უფლება, საიდანაც უნდათ, იქიდან მოაბან კუდი ამა თუ იმ საკითხს. ფაქტობრივად, ელგუჯა ჩხაიძესა და "თავისუფალ დემოკრატებს" საკრებულოში ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე. ისინი არც საკრებულოს, არც ბიუროს სხდომაზე და არც ჩემთან კომისიაში არ შემოსულან მსგავსი განცხადებით. როცა დაისმება ეს საკითხი და ისინი ოფიციალურად დატოვებენ უმრავლესობის რიგებს, შემდეგ ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ "კონსერვატორების" თემაზე. შეხვედრა მქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელთაც "კონსერვატორების" მსგავსად, პრეტენზიები "მრეწველების" მისამართითაც აქვთ", _ თქვა ბიწაძემ.