სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ვიზიტი ევროკავშირის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია მაღალი რისკის დაწესებულების ფუნქციონირებასთან და განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებთან მოპყრობის კუთხით გამოცდილების გაზიარება.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები იტალიის პენიტენციური დეპარტამენტის თავმჯდომარეს მაგისტრატ სანტი კონსოლოს, პენიტენციური პოლიციის ოპერატიული მობილური დაჯგუფების მეთაურს გენერალ მაურო დ’ამიკოს და განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულთა მართვის განყოფილების უფროსს მაგისტრატ ფედერიკო ფალცონეს შეხვდნენ. შეხვედრებისას მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად სწავლობს იტალიურ გამოცდილებას მსჯავრდებულთა რისკის მიხედვით გადანაწილების პროცესში მაღალი რისკის მსჯავრდებულებთან მიდგომების შემუშავებისა და მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის კუთხით. ქართველი სპეციალისტები რამდენიმე სტანდარტის ქართულ სინამდვილეში გადმოტანის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ.
იტალიის კანონმდებლობამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის, მაფიის მეთაურებთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმირება განიცადა. დღეისათვის იგი ერთ-ერთ წარმატებულ გამოცდილებად ითვლება, რადგან, ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო, მეორეს მხრივ, ეფექტურია მაფიის გავლენის წინააღმდეგ ციხეებში.
(R)