ტელეკომპანია GDS-ს 13 ივნისის სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, თუმცა, მისი ოდენობა ჯერ არ დაზუსტებულა:
_ ჩვენი საწყობი, სადაც განათებები გვქონდა შენახული, მზიურის ტერიტორიაზე იყო, რომელიც დაიტბორა. რაღაცეები კი გამოგვქონდა, მაგრამ ბოლო დღეებში შევაჩერეთ, რადგან განათებაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლე იყო. კიდევ კარგი, რომ შევაჩერეთ, რადგან ეს ის საწყობია, სადაც ვეფვხმა ადამიანი დაგლიჯა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტელეკომპანიის დირექტორმა ჯაბა მელქაძემ.
მისივე თქმით, იმ ტერიტორიაზე რიგითი მოსახლეობა, ადამიანები, რომლებსაც საწყობები, პროფილაქტიკა ჰქონდათ, უფრო მეტად დაზარალდა და მათ ზარალზე საუბარი უხერხულიც კია:
_ ჯერ არაფერი არ ვიცით. განათება ისეთი რამეა, შეიძლება გააშრო და ჩაირთოს. ვნახოთ რა იქნება. ჩვენზე მეტად სხვები დაზარალდნენ, _ გვითხრა მელქაძემ.
GDS-ის დირექტორის თქმით, მაუწყებლობის შეცვლილი ბადე მალე აღდგება:
_ იმის გამო, რომ იმ ტერიტორიაზე ჩვენი გახმოვანების სტუდია მდებარეობს, რომელსაც დენი არ მიეწოდება, მაუწყებლობის შეცვლა მოგვიხდა და რამდენიმე გადაცემა ვერ გადის ეთერში; თუმცა გვეუბნებიან, რომ ტერიტორიას ელექტოენერგიის მიწოდება მალე აღუდგება და ჩვენც ჩვეულ რეჟიმში განვაახლებთ მაუწყებლობას, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მელქაძემ.