მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის სრულ შესწავლასა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებაზე მუშაობა იწყება, – უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს პირვლად შეიკრიბა.
კომისია, რომელიც ვერეს ხეობის დაგეგმარების მიმართულებით გლობალური ხედვის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს, მსოფლიო დონის უცხოელ და ქართველ სპეციალისტებს აერთიანებს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია იყოს ღია და ყველა სპეციალისტს მიეცეს ჩართვის საშუალება. ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, უნდა გვქონდეს საშუალება, ყველა ალტერნატიულ მოსაზრებას გავეცნოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
სამუშაოს შედეგად უნდა მომზადდეს მაღალკვალიფიციური დასკვნა, რომლითაც მთავრობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას იხელმძღვანელებს.
საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები – მათ შორის, გეოლოგების, არქიტექტორ-ურბანისტების, დეველოპერების, კონსტრუქტორების, ინჟინრების თუ სხვა სპეციალისტთა ჯგუფები.
მთავრობის მეთაური მზად არის, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მოწვევის პროცესში პირადად ჩაერთოს.
„ამ ეტაპზე, საექსპერტო დახმარების გაწევის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს მსოფლიო ბანკის, წითელი ჯვრის, გაეროს განვითარების პროგრამის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა, შვედეთისა და გერმანიის მთავრობამ, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომისიის პირველ სხდომაზე შეკრებილ ქართველ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომელთა შორის არიან – გიორგი გოცირიძე, გია აბულაძე, გიგა ბატიაშვილი, ლადო ვარდოსანიძე, ირაკლი მასხარაშვილი, რომელმაც “მზიური“ დააპროექტა, ტატო ბერიძე – ნაპირდაცვის სპეციალისტი, ნიკო კახეთელიძე, თამაზ შილაკაძე, რომელიც ახალი გზის პროექტის ავტორია, ტარიელ ტალიაშვილი, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერები, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, არქიტექტორთა კავშირი – დავით აბულაძე; წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი – გივი გავარდაშვილი, მენაშენეთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი როსტომაშვილი, ჰიდროლოგი – ბადრი უკლება, გეოლოგები ჭიჭიკო ჯანელიძე და მერაბ გაფრინდაშვილი, თბილისის არქიტექტურის სპეციალისტი – ნინო ღოღობერიძე და სხვები.
„როგორც ხედავთ, საუბარია ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებზე, თუმცა, ეს არ არის საბოლოო შემადგენლობა და ბუნებრივია, ჩვენი კარი ღიაა ყველა სპეციალისტისთვის, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ პრობლემის გადაჭრაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უწყებათაშორისმა კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს სტიქიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში იმპლემენტაციის კოორდინაცია; უნდა შეიმუშაოს ერთიანი პოლიტიკა სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პროექტირების და შედგომში მშენებლობის მიზნით; ასევე, უნდა უზრუნველყოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია.