საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინათ , ახალი ოლიმპიური ობიექტების მშენებლობების შესახებ.
საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ქართული მხარე ვერ შეძლებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინაშე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებას და ოლიმპიადის ჩატარებას თბილისში საფრთხე შეექმნება.
განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი ბოლო დროინდელი სტიქიური უბედურებების შემდეგ დადგა, როცა ერთ-ერთი ოლიმპიური ობიექტი _ჩოგბურთის კორტები სტიქიის ზონის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ალექსი ახვლედიანი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ოლიმპიადის ჩატარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. "ყველა მშენებარე სპორტული კომპლექსი უკვე დამთავრებულია. ახლა მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოწყობა, გამწვანება. დარჩენილია ძალიან მცირე რაოდენობის სამუშაოები, რაც ძირითადად სპორტული კომპლექსების და არენების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობას ეხება. საბედნიეროდ, სტიქიის შედეგად არცერთი სპორტული ობიექტი არ დაზიანებულა. დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა "მზიურში" მდებარე ჩოგბურთის კორტები, მისის დაზიანების შემთხვევაში, ჩვენ არ გვქონდა სხვა ალტერნატივა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ოლიმპიადის ჩაშლას. საბედნიეროდ, კორტები არ დაზიანებულა."
ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარემ განმარტა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისში მიმდინარე მშენებლობები. უცხოელი პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადა ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩატარდება.