საოცარია ის ენთუზიაზმი და თავდადება, რასაც ჩვენი ახალგაზრდები იჩენენ, _ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული მოხალისეების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მიმართა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები და გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრისგან ინტენსიურად იღებენ.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სტიქიის დღეებში გამოვლენილი არც ერთი გმირი მაშველი, პოლიციელი, ექიმი, გეოლოგი თუ მოხალისე დაუფასებელი არ უნდა დარჩეს.
_ ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი დროის გმირების ისტორიების შეგროვება. იდეა მაქვს, სტიქიის დასრულების შემდეგ გავაკეთოთ კარგად ორგანიზებული გამოფენა, სადაც გამოიფინება ის არაჩვეულებრივი ფოტოები, როგორ შრომობენ ჩვენი მოხალისეები და ეს გმირები შემოვუნახოთ მომავალ თაობას, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.