მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში ევროკავშირის სახელმწიფოებში ბანანისა და სხვა ეგზოტიკური ხილის ფასმა შესაძლოა, დაიკლოს.
როგორც მოელიან, უახლოეს პერიოდში ევროკავშირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საბაჟო მოსაკრებელს შეამცირებს, რომლითაც ლათინური ამერიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტირებული ბანანი და სხვა სუბტროპიკული ხილი იბეგრება.
„ბაბანის ომი“ ევროკავშირსა და მის უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოებს შორის თითქმის 16 წელიწადი გრძელდებოდა. საქმე ის არის, რომ უკვე დიდი ხანია, ევროპელებმა გადასახადი მოუხსნეს იმ აფრიკულ და კარიბის ქვეყნებს, რომლებიც წარსულში ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიები იყო. იმავდროულად კი, ამერიკიდან ექსპორტირებული თითოეული ტონა ბანანი 176 დოლარით დაბეგრეს.
მომავალი თვიდან ლათინური ამერიკიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტირებული ბანანი 114 დოლარით დაიბეგრება. ამის პარალელურად, ევროპა თავის ყოფილ კოლონიებს 190 მილიონ დოლარს გამოუყოფს ახალ ვითარებასთან ადაპტაციის მიზნით. ყოფილ კოლონიებში მოწეული ბანანი ამერიკულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს და ამ ვითარებაში, მათ პრობლემები შეექმნებათ.
დღესდღეობით ევროკავშირის ქვეყნები 4 მილიონ ტონა ბანანს მოიხმარენ. აქედან 3,4 მილიონი ტონა ამერიკიდანაა ექსპორტირებული. ექსპერტთა გამოთვლებით, ბანანი ყველაზე მომგებიანი პროდუქტია, რომელიც ევროპულ სუპერმარკეტებში იყიდება.