გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის სამსახურის თანამშრომლებმა პრევენციული ღონიძიებების გატარების შედეგად, უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევები ქალაქ მცხეთისა და სოფელ ძეგვის მიმდებარედ, მდინარე მტკვარსა და მდინარე არაგვზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით – ელექტროშოკური აპარატებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას.
კანონდამრღვევებს ელექტროშოკური აპარატები ჩამოერთვათ . ასევე, განხორციელდა უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა ჯიშის თევზის კონფისკაცია.
აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს.
თევზჭერისა და ნადირობის წესების დაცვის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს.