საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნადირაშვილმა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ბიუჯეტის თანხები გაფლანგა.
ირმა ნადირაშვილი კი ითხივს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია პროკურატურამ შეისწავლოს.
"სახეზე გვაქვს, დაუდევრობა, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა და ამის შედეგად ამ თანხების გამოყოფის შედეგად არცერთი სამუშაო შესრულებული არ არის. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ საუბარი არის იმაზე რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო როგორც წესი ახორციელებს შენობების რეაბილიტაციას, მშენებლობას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით და ის დოკუმენტები რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ აღნიშნავს როგორ უდიერად და უპასუხისმგებლოდ ეპყრობა დევნილთა სამინისტრო დევნილთა განსახლების თემას", _ აღნიშნავს ნადირაშვილი.
მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 იანვარს გამოცხადდა ტენდერი გორში ცხინვალის გზატკეცილის 14 ნომერში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 1.859.081 ათასი ლარი იყო. ტენდერში კომპანია – შპს NBG-მ გაიმარჯვა, გამარჯვებულის ფასი – 1.100.000 ათასი ლარია. კომპანიასთან
ხელშეკრულება კი 2014 წლის 6 მარტს გაფორმდა.
"ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 03 აგვისტო იყო სახელშეკრულებო ღირებულება 1.100 000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად და შენობას თითი არ აქვს დაკარებული და ისევ ისე გამოიყურება", _ ამბობს ნადირაშვილი.
მისივე თქმით, ასევე ტენდერი გამოცხადდა ქუთაისიში, ნიკეას ქ. 21-ში, ყოფილი "აისი"-ს ქარხნის შენობის გასარემონტებლადაც, სადაც 96 ბინის რეაბილიტაცია იგეგმებოდა.
"სატენდერო ღირებულება 2.712.611 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს "ნიუ ქონსტრაქშენი", გამარჯვებულის ფასი – 1.920.000 ათასი ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 29 აგვისტოს. ობიექტის ჩაბარების ვადა – 27.12.2013; სამუშაოების ღირებულება 1.920.000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად, მათ შორის პირველი გადახდა 576 000.00 ლარი ავანსად. დღეს არსებული მდგომარეობით ობიექტი დაკონსერვებულია ,შემდგომი ბედი კი უცნობია", – აღნიშნა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთივე სიტუაციაა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზეც, სადაც 72 ბინის საპროექტო დაგეგმარება უნდა განხორციელებულიყო.
"სატენდერო ღირებულება 1`699`294.00 ლარი; გამარჯვებული კომპანიის ფასი 1`174`764.00 ლარი; გამარჯვებული კომპანია შპს "NBG"; შენობის რეაბილიტაციის ღირებულების 100% 1`174`764.00 ლარი გადახდილია მთლიანად ავანსად. სამინისტრომ იმის გამო რომ ამ თანხით ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების შესრულება, რომელიც ავანსად გასცა, იგივე შენობაზე გამოაცხადა ხელმეორე ტენდერი ღირებულებით 505.367 ათასი ლარი", _ აცხადებს ნადირაშვილი.
გარდა ამისა, ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაზიანის ტერიტორიაზე არსებული კიდევ სამი ობიექტის სატენდერო ღირებულებები და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
"კიდევ ერთი ობიექტი ვაზიანის სამხედრო დასახლების მეო-2 და მე-3 კორპუსებია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია – კვლავ შპს "NBG"; სატენდერო ღირებულება – 3`497`740.00 ლარი; გამარჯვებულის ფასი – 2`640`000.00 ლარი; ხელშეკრულება გაფორმდა – 08.10.2013;ობიექტის ჩაბარების ვადა – 03. 06.2014; შენობების ამჟამინდელი მდგომარეობა – მიტოვებული, ინგრევა, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება 2`640`000.00 ლარი გადახდილია მთლიანად, სამი გადარიცხვით, სამივე ავანსად.
ასევე, ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №5 და №6;
კონტრაქტორი კომპანია ს/ს "ტრანსმშენი"; საკონტრაქტო ღირებულება 2`418`000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 30 მაისი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100% ით, 2 ტრანშით,ავანსად.
ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №1 და №4; კონტრაქტორი კომპანია შპს "ნიუ ქონსტრაქშენი"; საკონტრაქტო ღირებულება 960`000.00; ობიექტის ჩაბარების ვადა 2013 წლის 2 დეკემბერი; სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100%-ით, ავანსად", _ აღნიშნა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ ეს ხელშეკრულებები ფორმდებოდა 2013 წლიდან, როცა მინისტრი იყო დავით დარახველიძე და იგივე ტენდენცია გააგრძელა სოზარ სუბარმაც.
მის დროსაც გაფორმებულია ხელშეკრულებები შენობების რეაბილიტაციისთვის საერთო ღირებულება თანხის არის 10 მილიონზე მეტი. ეს თანხები გაცემულია უმეტეს შემთხვევაში 80% ავანსად და ჩემს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში არცერთხელ სამუშაოები არ არის შესრულებული და მდგომარეობა იმ ობიექტების რომლის რეაბილიტაციას უნდა მომხდარიყო არის სავალალო. ამის შედეგია ის რომ 500 ოჯახი რომელიც ელოდებოდა ამ შენობების რეაბილიტაციას, დღეისთვის დარჩენილია უსახლკაროდ და შესახლებულია სხვადასხვა ფართებში. ჩვენ ვთვლით რომ ეს არის კორუფციული სქემა რომელიც მოქმედებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში ეს არის საგანგაშო ფაქტი. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ და მივმართავთ პროკურატურას გამოიძიოს სოზარ სუბარის და მისი წინა მორბედის დროს როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების განკარგვა", _ აცხადებს ნადირაშვილი.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაუკავშირდა. მინისტრის მოადგილის კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.