"რა შესძლო და რა ვერ შესძლო ადგილობრივმა ხელისუფალმა" – ამ სათაურით აქვეყნებს, სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"უდაოა, რომ ქალაქის მერმა შესძლო საკრებულოს დამორჩილება და დღეს მას ჰყავს მორჩილი უმრავლესობა საკრებულოში, რომელიც ყველა საკითხს უმტკიცებს და ყველაფერზე კოჭს უგორებს. ასევე უდაოა ისიც, რომ ამ ერთ წელიწადში მან შესძლო გაყიდა და გაასხვისა ისეთი შენობა-ნაგებობები, თუ მიწის ნაკვეთები რომელიც თავად დათვალა, გამოთვალა და ჩათვალა, რომ მომგებიანია (მისთვის) შესანიშნავი ბიზნესია და ვის მიჰყიდა გგონიათ? ძმაკაცის შირმით საკუთარ თავს, თანაც 15 და 35 წლით. (არადა თავად მხოლოდ 3 წლითაა არჩეული, ქონებები კი მრავალი წლით გაასხვისა. ) განვაგრძოთ შემდეგ: შესძლო ის, (ასევე ძმაკაცის შირმით ) რომ გახსნა ჩაის ფაბრიკა, შესძლო ის, რომ საკუთარი ზედამხედველობის თანამშრომლები ცემაში ისე დაამჟავა, რომ საუბრის ხალისი წაართვა, შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა ისინი.
შესძლო ის, რომ ახალი წელი საკუთარ თავს გაზრდილი ხელფასით მიულოცა, შესძლო ის, რომ ყველა საკრებულოს სხდომაზე იჯდეს და შიშის ზარს სცემდეს საკრებულოს წევრებს, რომ მორჩილმა საკრებულოს წევრებმა არ გაბედონ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მას არ სურს, ის კი არა შეკითხვაც კი ვერ დასვან თუ ეს მას არ სურს. შესძლო ის, რომ მასმედიას თავს დაესხა, აგინა, ლანძღა…. შესძლო ის, რომ ქალაქში გააუქმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, შესძლო ის, რომ საკუთარი ცხენი ბიუჯეტის ხარჯზე ჰყავს და თავად საცხენეს კუთვნილი ცხენით ერთობა და დაჯირითობს, შესძლო ის, რომ მალე ქალაქს ექნება ძვირადღირებული "ფეშენ" მოსაცდელები, შესძლო ის, რომ ყველა გადაწყვეტილებაში იყოს ერთპიროვნული და ყველაფერი ქალაქში კეთდებოდეს ისე, როგორც ეს მას სურს და თავად თვლის საჭიროდ, სამაგიეროდ მისი ლექსიკონიდან აფსოლუტურად ამოვარდა სიტყვები : ქალაქს სჭირდება, მოსახლეობას სურს, საკრებულოს აზრს ვითვალისწინებს……. და ჩაანაცვლა შემდეგი სიტყვებით: მე ასე მსურს, მე დავიანგარიშე, არ მაინტერესებს რას ფიქრობთ სხვები , მაინც ისე იქნება როგორც ვთქვი…… ამ ყოველივეს დაემატა შეურაცმყოფელი და ქსენოფობიური გამონათქვამები და ჯამში საზოგადოებამ მიიღო დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული, ჩემთვისყველაფერიდასაშვებია სინდრომით დაავადებული ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე.
ამ ფონზე კი მან ვერ შესძლო მისი ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, ქალაქში უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბე სუფევს, ამას დაუმატეთ უმუშევრობა, მოუწესრიგებელი გზები, საკანალიზაციო მილები, მოუწესრიგებელი არხები….. მოკლედ ბეგლარს მგონი აღარც კი ახსოვს რას დაპირდა მოსახლეობას და რისთვის აირჩიეს ის.
ეხლა გადავხედოთ რაიონის მუნიციპალიტეტს, აქ ასეთი მდგომარეობაა: შესძლეს ის, რომ ატარებენ ღია საკრებულოს სხდომებს სადაც სოფლებიდან ჩამოჰყავთ გლეხები 2-3 საათი მოსაცდელში აცდევინებენ, რომ თითო -თითოდ შევიდნენ და მადლობა გადაუხადონ გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და სრულიად ხელისუფალს გაწეული მუშაობისთვის. მოკლედ მადლობებს ისმენენ საათობით. ასევე შესძლეს ის რომ ერთმანეთს აჩვენონ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფლად გლეხისთვის მხოლოდ მოუწესრიგებელი სტადიონი და დასასვენებელი სკვერია პრობლემა, თორემ სხვა ყველაფერი მოწესრიგებულია და გლეხიც ბედნიერია. შესძლეს ის, რომ წელიწადში რამდენჯერმე აიღონ "ნაკურთხი" პრემია/დანამატები, შესძლეს ის, რომ გამგებელს მოქალაქის მიღების დღე მხოლოდ კვირაში ერთხელ აქვს, სხვა დღეს გასულია, სად? კაცმა არ იცის, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდება და ამ მანქანით შეიძლება წავიდეს ყველგან სადაც მოესურვება, მათ შორის არასამუშაო დღეს დედაქალაქშიც, ასე, რომ შეგიძლიათ გვიან ღამით იხილოთ როგორ დაჰქრის ბიუჯეტის ხარჯზე საწვავით სავსე ავზით გვიან ღამით დედაქალაქის ქუჩებში OMGG სერიით მუნიციპალიტეტის გამგებლის სამსახურებრივი მანქანა.
რა ვერ შესძლეს აქაც იგივეა რაც ქალაქის მერის შემთხვევაში და აღარ განვმეორდები.
ამ ყოველივეს ფონზე კი ახალდანიშნულმა გუბერნატორმა შესძლო და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოაყალიბა ქალაქის მერთანაც და რაიონის ხელისუფალთანაც, შედეგად გუბერნატორი ან ქალაქის მერთან, ან კიდევ რაიონის ხელისუფალთან ერთად ჟრიამულობს ხოლმე ხან ერთ სუფრაზე და ხან მეორეზე.
საერთო ჯამში ხელისუფლების "კარგი" მუშაობის შედეგად უკიდურესი გაჭირვების გამო საკუთარ ეზო-კარმიდამოს ტოვებენ ადამიანები, ცარიელდება სოფლები, ქალაქები………. საშინელი ოცნებაგაცრუებაა ხალხში. ქართული ოცნების ხელისუფალმა ნამდვილად შესძლო და საშვილიშვილოდ მოიწყო საკუთარი უზრუნველი ცხოვრება", _ წერს შარაშენიძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერი კომენტარს არ აკეთებს:
" ნათია შარაშენიძის განცხადებებზე ქალაქ ოზურგეთის მერი კომენტარს არ გააკეთებს", _გვითხრე მერიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, "გურია ნიუსი" მასთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა, ჭანუყვაძე საქართველოში არ იმყოფება და არც ჩვენს შეტყობინებებს პასუხობს.
ჭანუყვაძის კომენტარს დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ.