ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში ვახტანგ ჩაბოშვილის მარწყვის პლანტაციას ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ გლეხიკაცი, მიწა და მზე შეხმატკბილებულან და მარწყვის "ტყეც" საკმაო ფართობზე გადაჭიმულა. მოვლის წესებიც თავისებური აქვს მშრომელ კაცს, თითქოს, სიმინდის ყანას თოხნიდეს, ისეთ რეჟიმში უვლის.
_ ეს არის ჩემი "მარწყვის ყანა" _ ასე ვეძახი. მართლაც ყანის მსგავსად დავიწყე მარწყვის მოშენება ფართობში, რადგან მეტიც არაფერი ვიცოდი მასზე. 74 წლის ვარ და მანამდე 55 წლის მანძილზე სად არ მიმუშავია, თუმცა, ასაკში შესვლამ მუშაობის შეძლებაც ცოტა დამიტოვა და შედარებით ნაკლებად მძიმე სამუშაო მოვძებნე. თავიდანვე კრასნოდარის ჯიშის მარწყვის მოშენება გადავწყვიტე _ ორმოსავლიანია, საადრეო ჯიშისა. აქ საყანე ფართობი მქონდა, მწკრივში დავრგე და ისე წავიდა, როგორც სიმინდის ყანა… ზოგს არ სჯერა, როცა ვეუბნები, ზოგმაც სცადა და არ გამოუვიდა. არადა, ისე იხეირა, ლუკმას ამით ვჭამთ, _ გვეუბნება მარწყვის ტრფიალი ვახტანგ ჩაბოშვილი და მრავალსულიან ოჯახსაც გვაცნობს: შვილი და რძალი ბადრი ჩაბოშვილი და ვიქტორია ბარინოვა ოთხი შვილით შრომის ფერხულში დგანან. უფროსი შვილიშვილი ანა _ გათხოვილია, თუმცა, მარიამთან, მეგისთან და უმცროს ვახოსთან ერთად, ხშირად ეხმარებიან ბებია-ბაბუას და მშობლებს "მარწყვის ყანაში". ბაბუას თქმით, ვახოს მარწყვის ჭამა უფრო უყვარს, მაგრამ საქმესაც ბევრს აკეთებს. ძირითადად, დაკრეფაში ეშველება და ბაზრიდან დაბრუნებულსაც ნაყინის ფულს პირველი თხოვს.
ვახტანგ ჩაბოშვილის მიერ ღია გრუნტში გაშენებული მარწყვის მწკრივები მულჩირების წესითაც არ არის განლაგებული. სარეველებისგან დასაცავად მხოლოდ თოხით მუშაობს, ე. წ. ულვაშების შეწყვეტასაც ხან ხელით, ხან ბარისა თუ თოხის პირით ახერხებს. ერთ ფართობზე განლაგებულ ორ ნაკვეთზე ახალი ჩითილებიცაა, რომლის გადარგვა აგვისტოში ხდება.
ოჯახი სხვა მრავალ კულტურასაც იწევს _ აქვთ სიმინდის ყანა, თხილის პლანტაცია, კარტოფილის ნათესი და ცოლიკაურის ჯიშის ვაზი, თუმცა, მარწყვთან, როგორც ვახტანგ ჩაბოშვილი ამბობს, მეტი საერთო გამონახა ბოლო წლებში:
_ რაღაცა მარწყვს მეტად შევეჩვიე, ალღო ავუღე, შემოსავალიც მეტი მომცა. თითქოს მისი მკურნალიც ვარ და ადვილად მომყვება, დაავადება არ გასჩენია. ესაა, ბალახს არ ვაკარებ. თუ შევძელი, ძალიან მინდა, სათბური ავაშენო და მულჩირებული, პოლიეთილენით გადაფარული კვლები გავაკეთო. ამ ყველაფერს თანხა სჭირდება, რაც არ მაქვს. იაფი სესხი სადაა? კი გვპირდებოდნენ, მაგრამ ჯერ ჩემამდე არ მოუღწევია, _ გულდაწყვეტით ამბობს ბატონი ვახტანგი და მაინც იმედოვნებს, რომ სამომავლოდ გარკვეული ნაბიჯით მაინც წინ წაიწევს. უფრო მეტად მიწას უმადლის მარწყვის სწრაფად გამრავლებას და უხვ მოსავალს. ამბობს, რომ ადგილიც დალოცვილია, ნოყიერი მიწა და დამრეცი ფერდი მზის გულზე, სადაც მარწყვის ფესურამ გამრავლებისთვის სერიოზული გასაქანი ჰპოვა.
ვახტანგ ჩაბოშვილის ახალგაზრდა რძალი ვიქტორია ბარინოვა ეროვნებით რუსია, თუმცა ქართულ ენაზე გურული დიალექტით ისე საუბრობს, პასპორტში გვარის ნახვის შემდეგ თუ დაიჯერებთ, რომ ეროვნებით ქართველი არაა:
_ ძალიან მინდა, ახლა ეს მარწყვი ჩემს მთავარ საქმიანობად გავიხადო. ქალ ფერმერებზე დღეს საერთაშორისო მოძრაობაც რომ არსებობს, ჩემს ყურამდეც მოაღწია. მე შრომით ოჯახის ეკონომიკის გაზრდის ინტერესი უფრო მაქვს, ვიდრე რაიმე მოძრაობაში ჩაბმისა, მაგრამ ესეც ხომ საჭიროა? ცოტა დახმარებით და თანადგომით ხომ შესაძლებელია, ნორმალური საშუალო ბიზნესი გვქონდეს? _ გვეუბნება ის და იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი ხანია "გურია ნიუსის" მკითხველია, ოჯახს გაზეთი გამოწერილი აქვს და ნომერს წაუკითხავს არ ტოვებს. კოოპერატივის გახსნაზეც ფიქრობს, თუმცა, ჯერ ცდილობს, კარგად გაერკვეს ყველაფერში.
"კარმიდამო ჩემი" წარმატებას უსურვებს შრომისმოყვარე ოჯახს!