"ეროვნული სასამართლოს ეფექტური მუშაობის შედეგად იკლო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გასაჩივრებულმა საქმეებმა. მე ამას ვუკავშირებ ჭეშმარიტი სამართლებრივი ხედვის გაუმჯობესებას", _ ეს განცხადება უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე ევროპული სასამართლოს წარმომადგენელმა ფატოს არასმა გააკეთა.
2015 წლის 25 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ კასადევალს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ნონა წოწორიას და სექციის რეგისტრატორის მოადგილეს ფატოს არასის შეხვდნენ.
მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მიმართა და მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის მნიშვნელობასა და განსახორციელებელ ცვლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამკვიდრებული მიდგომისა და მაღალი სტანდარტის კონტექსში უზენაესი სასამართლოს, როგორც საბოლოო საკასაციო ინსტანციის როლის ახლებურ გააზრებაზე.
დელეგაციის წევრმა ფატოს არასმა მაღალი შეფასება მისცა ქართულ სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობას.
"ეროვნული სასამართლოს ეფექტური მუშაობის შედეგად იკლო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გასაჩივრებულმა საქმეებმა. მე ამას ვუკავშირებ ჭეშმარიტი სამართლებრივი ხედვის გაუმჯობესებას", _ განაცხადა არასმა.
ქართული სასამართლო სისტემის სწრფვა, დაამკვიდროს ევროპული სტანდარტის მართლმსაჯულება, დადებითად შეაფასა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯოზეფ კასადევალმა.
როგორც კასადევალმა თავის სიტყვაში აღნიშნა: "საქართველოს მიერ 16-ე ოქმის რატიფიცირება ნიშნავს, თუ რაოდენ დაინტერესებულია ქვეყანა, ქართველი მოსამართლეები, ჰქონდეთ სამართლებრივი დიალოგის საშუალება ევროპის სასამართლოს მოსამართლეებთან."
აღნიშნული ოქმი შესაძლებლობას მისცემს უმაღლესი ინსტანციების სასამართლოებს მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით.
ჯოზეფ კასედევალმა ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიიწვია.