"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" თბილისში პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის ხელშეშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 12 ივნისს, თბილისში, ჰეიდარ ალიევის სკვერში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს და მის წევრ ორგანიზაციებს პოლიციამ უკანონოდ არ მისცა მშვიდობიანი აქციის გამართვის შესაძლებლობა.
"აქციის მონაწილეები სლოგანით – "სპორტი ადამიანის უფლებებისთვის" აზერბაიჯანში ევროპული თამაშების გახსნას აპროტესტებდნენ. ეს თამაშები ბაქოში ტარდება ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების უპრეცენდენტო დევნისა და დაპატიმრებების ფონზე.
12 ივნისს თბილისში თხუთმეტამდე მშვიდობიან აქტივისტს ჰეიდარ ალიევის სკვერი პოლიციელებით შემოსაზღვრული დახვდათ და შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ეს მაშინ, როცა სკვერში სხვა მოქალაქეებისთვის შესვლა დაშვებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქციის გამართვა არ არღვევდა არც კონსტიტუციას და არც საქართველოს კანონს "შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ". მსგავსი აქციის გამართვას არ სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა.
მიუხედავადარაერთი მოთხოვნისა, პოლიციელებმა არ განმარტეს, რა სამართლებრივი საფუძვლით არ აძლევდნენ შესაძლებლობას აქტივისტებს, შესულიყვნენ სკვერში აქციის გასამართად. ერთადერთ მიზეზად ასახელებდნენსხვა ღონისძიებას, რომელიც მოცემულ ადგილას უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რეალურად არც ეს აღმოჩნდა უტყუარი ინფორმაცია. შესაბამისად, აქციის ორგანიზატორებს უსაფუძვლოდ აეკრძალათ სკვერში აქციის გამართვა. საბოლოოდ პოლიციამ ისინი აიძულა, სხვა ადგილას (სკვერის მოპირდაპირე მხარეს) გადასულიყვნენ.
სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამართალდამცავი ორგანოს ზოგიერთი თანამშრომელი აქციის მსვლელობისას ცდილობდა მშვიდობიანი აქტივისტების პროვოცირებას და გამოწვევას. აქციის დასრულების შემდეგ კი უკან გაჰყვნენ აქტივისტებს, რითაც კიდევ ერთხელ შეზღუდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების უფლება", _ აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები აღშფოთებულები არიან შეკრებისა და აზრის გამოხატვის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამო.
"მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის და ვითხოვთ:
• დაუყოვნებლივ შეისწავლონ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით;
მათი გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება;
• თუკი გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შეისწავლონ აღნიშნულის შესაბამისობა კანონთან და ზემდგომი პირების მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები;
• გაატარონ პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი – კავკასია; კავშირი საფარი; მედიის ინსტიტუტი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT).