პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო"
_ ხელისუფლებაში რომ მოვედით და ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ვინაიდან თქვა, რომ ის არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა რომელი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, რაც, მისი მხრიდან, სწორი საქციელი იყო. მაგრამ როცა ალასანიამ შეიტყო, რომ პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას ვაპირებო.
წარმოიდგინეთ, ამას მეუბნება თავდაცვის მინისტრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო.
რამდენიმე კვირის შემდეგ ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო.
მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე და იქნებ "დავლაგდეთო".
მე მას ვუთხარი, რომ ასეთ საკითხებში პრინციპულად არ ჩავერეოდი და ჩემი ოჯახის წევრსაც რომ ეხებოდეს საქმე, გამოძიების პროცესში ვერ ჩავიხედავდი.
ერთი სიტყვით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარი ვუთხარი.
"დასალაგებელი" არაფერია, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს და თუ არაფერი ჩაუდენიათ, რატომ ნერვიულობ-მეთქი? ა_ მის შემდეგ ყველამ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა ალასანიას და ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მან მოიმოქმედა.
არც ერთი ნორმალური მთავრობა და მთავრობის მეთაური არ მიიღებდა იმას, რაც ალასანიამ ჩაიდინა – თავდაცვის მინისტრის რანგში პარტიის ოფისში პრესკონფერენცია ჩაატარა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
ეს იყო თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის პოლიტიზების პირდაპირი მცდელობა, შესაბამისად, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა", – განაცხადა პრემიერმა "ასავალ-დასავლისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
.