საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს კომენტარს ვერ გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა ადოვოკატებმა" ტელეკომპანია "რუსთავი 2" დღეს კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით, "სოციალური რეკლამის" სახით გავრცელებული რგოლის შინაარსობრივი მხარე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნის 9-თვიანი ვადის უკანონობაზე მიუთითებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ზემოთ მოცემულ სოცილაური რეკლამის განმარტებას.
"გურია ნიუსი" საკითხის კომენტირებისთვის საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ხატია ყურაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხისთვის კომისიაში დღეს არავის სცალია.
"არ მცალია მაგისთვის, რადგან დღეს ბოლო დღეა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე. ხვალ დამირეკეთ ახალგაზრდა ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით, ვიცით რა განცხადებაც გააკეთეს. არანაირად არ მცალია დღეს, ეთერიდან ეთერში უნდა ვიარო მთელი დღე. არ მცალია მაგ თემისთვის დღეს, არც ჩვენთან კომისიაში და არც ქვეყანას", _ განაცხადა ყურაშვილმა.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია კომისიამ უკვე მიიღო, თუმცა, მოუცლელობის გამო კომენტარს ხვალამდე ვერ გააკეთებენ.