შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 245-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს.
ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ მალანია, ამავე დეპარტამენტის, ასევე სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალწვეულთა ოჯახის წევრები. ცერემონიალის დასრულებისას წვევამდელები მამა ანდრიამ დალოცა.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. წვევამდელები ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.