დღეს ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე გათვალისწინებული იყო "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დეკემბრის თვეში მიღებულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, თუმცა საკრებულოს წევრებს მსგავსი არაფერი განუხილიათ.
აღნიშნული საკითხი გასულ კვირას ბიუროს სხდომაზე გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. ბიუროს წევრებმაც მას მხარი ერთხმად დაუჭირეს და საკითხი შემდგომი განხილვისთვის, ფრაქციებსა და კომისიებს გადაეცა.
საქმე ისაა, რომ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას ბიუროზე ლაშხიამ ინფორმაციის სახით გააჟღერა, რომ მუნიციპალიტეტის რიგმა სამსახურებმა წარმოადგინეს მოთხოვნა თანხის დამატების თაობაზე, რომელიც საერთო ჯამში 717 919 ლარს მოიცავდა: – გამგეობის სოციალური პროგრამით ერთჯერადი დახმარებისთვის 80 ათასი ლარი, ა(ა)ი პ „ტექ-სერვისისთვის“ 100 ათასი ლარი, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიასთვის" 300 ათასი ლარი, "ქალთა ექსპერიმენტული სარაგბო სკოლისთვის" 13 ათასი ლარი, "ბავშვთა საფეხბურთო სკოლისთვის" 43 ათასი 500 ლარი , "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში" დეფიციტის შესავსებად 100 ათასი ლარი, "ლანჩხუთი-სერვისი" 21 ათასი ლარი.
როლანდ ლაშხიამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ იქვე განაცხადა, რომ საკითხი შესასწავლია და გასარკვევია, რა შესაძლებლობები გააჩნია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამ კუთხით.
ლაშხიას მხრიდან სამსახურებისთვის თანხების შესაძლო დამატების ინფორმაციის გაჟღერებამ და მისმა გასაჯაროებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ოპონენტები მეტ დასაბუთებას ითხოვდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. უმრავლესობის აზრით, ამ საქმეს მეტი შესწავლა ესაჭიროება და კომისიებისა თუ ფრაქციის სხდომებზე ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვისგან საერთოდ თავი შეიკავა, არადა სხვადასხვა კომისიებისა თუ ფრაქციის დღის წესრიგში იგი პირველ საკითხად იყო შეტანილი.
"საკითხი მოუმზადებელია და შესწავლას საჭიროებს. მართალია ა(ა)ი პ-ებიდან შემოსულია წერილები თანხის დამატების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ ჩემამდე არც ერთი არ მოსულა.
ყველა სამსახური წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვას რაში გაიხარჯა თითოეული თეთრი, სად წავიდა და რატომ. დეტალურად განვიხილავთ რას მოხმარდა მათვის გამოყოფილი თანხები და შედეგად რა მივიღეთ. ასევე ა(ა) ი პ-ის ხელმძღვანელებმა უნდა დაასაბუთონ რატომ სჭირდებათ თანხის დამატება, რა აუცილებლობითაა გამოწვეული ეს.
საკითხის შესწავლას მიმდინარე კვირიდანვე დავიწყებთ და ალბათ, პირველ რიგში საფეხბურთო კლუბ "გურიას" არგუმენტებს მოვისმენთ", -განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე სარიშვილმა.