"თავისუფალი საქართველოს" გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღავნელი ადვოკატი და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას "ადგილობრივ ხელისუფლებაში გაბატონებული მმართველი კლანი ინახავს და კომფორტსაც უქმნის თავის აქტივისტებს" ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:
ძიმისტრაშვილი თავის განცხადებაში ქალაქ ოზურგეთის მერს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ქ. ოზურგეთის მერია სისტემატურად ცდილობს დაუმალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია კონტროლის განხორციელებისათვის:
"ბუნებრივია მერის ამ ქმედებებით ირღვევა კანონი, რითაც ილახება არა მარტო საკრებულოს წევრების უფლებები, არამედ ოზურგეთის მოსახლეობის ინტერესებიც.
ბ-ნი მერი ხშირად აპელირებს იმაზე, რომ თითქოს იცავს პერსონალურ ინფორმაციას, რაც თავშივე მცდარი მოსაზრებაა, რადგანაც როცა საკრებულოს წევრები ითხოვენ სრულყოფილ ინფორმაციას (მაგალითად: აიპი-ების თანამშრომელთა სახელსა და გვარს, ვინ რომელ თანამდებობაზე მუშაობს, ვინ მიიღო სოციალური დახმარება, რა ოდენობის და ა. შ.). ამ შემთხვევაში ეს არ ითვლება საჯარო ინფორმაციად, რადგანაც ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი, რამეთუ ინფორმაციას ითხოვს არა რიგითი მოქალაქე, არამედ მაკონტროლებელი ორგანოს საკრებულოს წევრი.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საკრებულო, მისი კომისიები და საკრებულოს წევრები (დეპუტატები) ახორციელებენ კონტროლს მერიის საქმიანობაზე, მათ შორის ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ა.ი.პ.ი-ებზე და შ.პ.ს -ებზე.
საკრებულოს წევრებს სრული უფლება აქვთ განახორციელონ კონტროლი ზემოთ დასახელებულ ორგანიზაციებზე. კანონით "ადგილობრივი თვითმმართველობის" შესახებ 45-ე მუხლის I ნაწილის ა პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს ( ან ორგანოს) და მიიღოს შესაბამისი პასუხი, ხოლო პასუხი მიღებულ უნდა იქნას 7 დღის ვადაში. ამავე მუხლის I ნაწილის დ პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრი უფლებამოსილია ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ბუნებრივია კიდევ უფრო მეტი კონტროლის ბერკეტი გააჩნია საკრებულოს და კომისიებს, რომელთა საქმიანობას ასევე არეგულირებს ზემოთ დასახელებული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლები, სადაც პირდაპირ წერია, რომ საკრებულო და კომისიები უშუალოდ აკონტროლებენ მერიის საქმიანობას.
იმ შემთხვევაში თუკი მერი არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და საკრებულოს კომისიებსა და საკრებულოს წევრებს არ მისცემს მათი მუშაობის გაკონტროლების საშუალებას, მის მიმართ დადგება არა მარტო სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ მერი განზრახ ხელს უშლის საკრებულოს წევრებს, საკრებულოსა და კომისიებს, მათდამი კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების საქმეში.
ცნობისათვის, კონტროლი არ მოხდება სრულყოფილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვისა და შესწავლის გარეშე.
კანონით მართლაც დაუშვებელია პერსონალური ინფორმაციის გაცემა ფიზიკურ პირზე ან ისეთ იურიდიულ პირზე, რომელსაც არ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია კონკრეტული დაწესებულების მიმართ. თუმცა, მედიაში გაჟღერებული ინფორმაციით, მერიამ მიაწოდა პერსონალური ინფორმაცია გუბერნატორს. ე.ი. რა გამოდის, მერიას ეშინია გუბერნატორის, აწვდის მას პერსონალურ ინფორმაციას და არღვევს კანონს, ხოლო საკრებულოს წევრებს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას, იმიტომ, რომ არაფრად არ აგდებს მათ და არღვევს კანონს.
ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ქ. ოზურგეთის მერს ბ-ნ ბეგლარ სიორიძეს. ნუ უშლით ხელს მუშაობაში ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებს, რადგანაც ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ" _ აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი.
ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
"სამწუხაროა, რომ პროფესიით იურისტი და საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ვერ ერკვევა იმ კანონმდებლობაში, რომლითაც აპელირებს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ფუნქციონირების დღიდან კანონმდებლობა არ დაურღვევია და მოქმედებს კანონის შესაბამისად".