სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც დაწესებულებებში სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად წაადგება სისტემის გაჯანსაღების პროცესს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, თუმცა განმარტავს, რომ მოთხოვნა იქნება საკმაოდ მაღალი და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მოყვება.
მინისტრი თითოეული დაწესებულების პრობლემებით დაინტერესდა და მათი მოგვარების გზები დასახა.
"გზავნილი არის მარტივი – უნდა უზრუნველყოთ იმის შესრულება, რასაც კანონი გვავალდებულებს. მე ვიქნები თითოეული თანამშრომლის მეგობარი, ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში, თუ ის იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ამავდროულად, მინისტრი იქნება ყველა იმ ადამიანის ოპონენტი, ვინც გადაუხვევს სისტემის პოლიტიკას და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს."– განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, პრობლემების გაცნობის მიზნით, ყველა დაწესებულების მონახულებას და მსჯავრდებულებთან შეხვედრას გეგმავს.
(R)