"ჩოხატაურის ახალგაზრდულმა საკრებულომ" მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება დაიწყო. ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმების საფუძველზე, აგრარული ბაზრის, კულტურის სახლის და გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს მშენებარე ობიექტები ჩოხატაურის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა, გიორგი ბერძენიშვილმა დაათვალიერებინა. როგორც ახალგაზრდებისთვის გახდა ცნობილი სკვერის და აგრარული ბაზრის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში დასრულდება, ხოლო კულტურის სახლის მშენებლობის დასრულება 2016 წლის სექტემბერში იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტების მთლიანი ღირებულება 1 000 000 ლარს აღემატება.
"მუნიცილაპიტეტთან მიღწეული შეთახმების საფუძველზე ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სულ რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა პროექტები ხორციელდება რაიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩოხატაურს სულ მალე თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლი ექნება, რაც მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების აღზრდა-განათლებაში დიდ როლს შეასრულებს. "ახალგაზრდული საკრებულოს წევრები" უახლოეს მომავალში სხვა პროექტებსაც მოინახულებენ" – აცხადებენ ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლებას" წარმომადგნელები.
არასამთავრობო ორგანიზაციას "ადამიანი კანონი თავისუფლება" მსგავსი შეთანხმებები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აქვს მიღწეული და ახალგაზრდები აქტიურად ეცნობიან მიმდინარე პროექტებს.