31ივლისს სოფელ გულიანის ცენტრში ჩოჩხათი–გულიანი–სუფსის 11 კილომეტრიანი გზის პროექტის დაწყების ღონისძიებას ესწრებოდნენ: მაჟორიტარი დეპუტატები –ბატონები თემურ ჩხაიძე და თემურ ჭკუასელი, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, გურიის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ხელმძღვანელი პირები. ''ეს არის საუკუნის პროექტი'' – აღნიშნა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ. ხალხი ზეიმობდა, ღონისძიება დაამშვენა ლანჩხუთის ხალხური ანსამბლის სიმღერებმა, მაგრამ ყველას გასაოცად, იმ დღის შემდეგ შპს "სამკუთხედს'' დღემდე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია.
"ლენტის გაჭრა'' სამუშაოს დამთავრებას უფრო მოუხდებოდა. 900 ათასი ლარით ამ წელში ჩოჩხათის ცენტრამდე უნდა დასრულდეს გზის მოასფალტება. როგორ მოხდება ვადების დაცვა, სამუშაოების ხარისხიანი შესრულება? უკვე გაჩნდა კითხვები მოსახლეობაში, რა საჭირო იყო 15 დღით ადრე სამუშაოს დაწყების გახსნის ცერემონიალი?" – აცხადებს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი "დემოკრატიული მოძრაობიდან" ნონა მურვანიძე, რომელიც ჩოჩხათის მკვიდრია.
ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე სარიშვილი არ ფლობს ინფორმაციას თუ რატომ შეაჩერა ადგილზე სამუშაოების წარმოება შპს "სამკუთხედმა" , რომელმაც ოთხი მილიონ 300 ათას ლარად გამოცხადებული პროექტი ტენდერში სამი მილიონ ლარად მოიგო (მიმდინარე წელს, პროექტის თანახმად 900 ათასი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს და სამ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე დაიგოს ასფალტის საფარი).
"პროექტის პრეზენტაციისას გრეიდერებმა გზა გადაასწორეს და იმ დღის შემდეგ სამუშაოები ადგილზე აღარ გაგრძელებულა. ამასთან დაკავშირებით პირადად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, აუცილებლად დავინტერესდები და გავარკვევ რა ხდება", -გვითხრა სარიშვილმა.
"ვინ ამბობს, რომ სუფსა-გულიანი ჩოჩხათის გზის მონაკვეთზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. საქმე მხოლოდ გზის გადასწორება და მოასფალტება არაა. სამუშაოები დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება -მზადდება სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები ტარდება. უცებ თვალში საცემი არ იქნება რა გაკეთდა, ორ თვეში ყველა ნახავს შედეგს", – გვითხრა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ.