წინა დღით ოფიციალურად გახსნილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურს დღეს ლანჩხუთმაც უმასპინძლა. წესისამებრ, "გურიასა" და ბოლნისის "სიონის" კაპიტნებმა – ერეკლე კილაძემ და დავით სვანიძემ ეროვნული ჰიმნის ფონზე ეროვნული დროშა აღმართეს და საშინელ ხვატში გასამართი შეხვედრაც დაიწყო.
ხვატი ვახსენეთ და 17 საათზე თამაშის დაწყების დროც, ცოტა არ იყოს გვეუცნაურა, მაგრამ რას იზამ, ასე გადაწყვიტეს ფედერაციაში და რაც არ უნდა სიცხე ყოფილიყო, დროს აღარავინ შეცვლიდა.
თავიდანვე უნდა ვთქვათ, მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, პაპანაქება სიცხე იყო. ვერც მასპინძელი და ვერც სტუმარი თამაშის ხარისხით ვერ დაიკვეხნიდა. კი ბატონო, სიცხესთან ერთად სეზონის დასაწყისია, გუნდებიც შეუთამაშებელია, მაგრამ რეალურად "ევგრაფ შევარდნაძეზე" ორი სუსტი მეტოქე შეეყარა ერთმანეთს, ამ ეტაპზე მაინც.
სტუმართა შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი მობურთალი შეკრებილიყო, მათ შორის შარშან ლანჩხუთში მოთამაშე ვილი ისიანი და კობა შალამბერიძე იყვნენ. ვილიმ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა. აი, შალამბერიძემ კი საგოლე პასი გაჩარხა.
თავად შეხვედრა გუნდებმა უხალისოდ დაიწყეს და ძირითადად მოედნის ცენტრში წვალობდნენ. პირველ თხუთმეტ წუთში სტუმარმა ტატანაშვილმა ორჯერ სცადა გატანა, თუმცა, ჯერ თავით, მერე კი ფეხით სიზუსტე დააკლდა. 22-ე წუთზე კი გურულებმა პირველივე შანსი გოლად აქციეს. მარცხენა ფლანგზე ვანო წილოსანმა კოტე ხიზანეიშვილს ქუსლით კარგად შეუგორა ბურთი. ამან კი საჯარიმოში შეირბინა და კარის გასწვრივ დაბალი ჩააწოდა. იქ კი ლაშა ჩაფიძემ ყველას დაასწრო და ანგარიშიც გახსნა.
შესვენებამდე ღირებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ტაიმის ბოლოსკენ შალამბერიძის თავით დარტყმულს, რომელსაც ნიკა დაუშვილი კარგად დაუხვდა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა ოდნავ მკვირცხლად დაიწყეს და იმავ ტატანაშვილს შალამბერიძემ ორჯერ მისცა გათანაბრების შანსი, თუმცა, სტუმართა მოიერიშემ მართლაც ხელსაყრელი მომენტები გაანიავა.
ამასობაში ფეხბურთელებს აშკარად დაღლა დაეტყოთ, განსაკუთრებით კი მასპინძლებს, რომლებსაც შესვენებამდე მხრის დაზიანებით უკრაინელი ზაზულია გამოკლდა და ამან გარკვეული სიძნელეები შექმნა მოედნის ცენტრში. სწორედ ცენტრში არსებული უპირატესობით სტუმრებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და გასატანად შეძლებისდაგვარად გაისარჯნენ. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე შედეგიც მოიმკეს, ისევ შალამბერიძემ ივარგა, მარჯვენა კუთხიდან საჯარიმოში შეიჭრა და კარის გასწვრივ ჩააწოდა. შორეულ ძელთან კი ბურთს ტატანაშვილი დაუდარაჯდა და გასატანიც გაიტანა.
დარჩენილ დროში მაყურებლის გამხნევებამაც ვერ უშველა კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებს, თამაშის მოსაგებად რომ ემოქმედათ. ძალები უკვე აღარ იყო და ფრეს ორივე გუნდი შეეგუა. სამაგიეროდ სიცხისგან გათანგული პუბლიკა შედეგით და რაც მთავარია თამაშის ხარისხით, უკმაყოფილო დარჩა. ერთი სასიამოვნო ფაქტი შერჩათ ქომაგებს – შესვენებაზე გასული წლის "გურიის" დუბლშემადგენლობა დააჯილდოეს, რომლებმაც მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედლები ირგუნეს.
გუნდებმა ეს მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს:
"გურია"- დაუშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, კილაძე, ხიზანეიშვილი, მაისურაძე, ზაზულია (კობერიძე 44), მოსიაშვილი, წილოსანი (ს. ბახია 63), ჩაფიძე, ჯიქია (რეხვიაშვილი 70).
"სიონი"- მერლანი, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი (მიქაბერიძე 46), ფოფხაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ისიანი (ჭიკაიძე 71), შალამბერიძე, რაზმაძე, ვასაძე (გოგიბერიშვილი 20), ტატანაშვილი.