არსენ ვენგერი დაიბადა 1949 წლის 22 ოქტომბერს, სტრასბურგში. ბავშვობიდან იყო ფეხბურთით გატაცებული და სამოყვარულო დონეზე კლუბ "მიუტციგში" თამაშობდა. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი არსენმა 24 წლის ასაკში კლუბ "მიულუზთან" გააფორმა, სადაც მცველის ამპლუაში ასპარეზობდა, შემდგომში კი თამაში საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის კლუბ "პიერო ვობანში" განაგრძო, ხოლო კარიერა 32 წლის ასაკში "სტრასბურგში" დაასრულა, სადაც სულ 12 მატჩი ითამაშა, თუმცა, მოასწრო, "უეფას“ თასის ერთ მატჩში ეთამაშა, 1978-1979 წლების სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
არსენის მამა სტრასბურგში საავტონობილო ბიზნესში იყო ჩართული, ხოლო დედას ჰქონდა საკუთარი რესტორანი – "ოქროს ჯვარი". თავისი წარსულის გახსენებისას არსენ ვენგერი ამბობს, რომ "მთელი ბავშვობა რესტორანში ჰქონდა გატარებული".
ბავშვობაში არსენ ვენგერის საფეხბურთო კერპები ფრანგი ფეხბურთელი რაიმონ კოპა და ბრაზილიელი პელე იყვნენ.
განათლებით არსენ ვენგერი ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრია, 1974 წელს მან სტრასბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა. ასევე, იგი ფრანგულის გარდა, სრულყოფილად ფლობს ხუთ ენას: ინგლისურს, გერმანულს, იტალიურს, ესპანურსა და იაპონურს.
სამწვრთნელო კარიერა არსენ ვენგერმა "სტრასბურგის" ბავშვთა გუნდში დაიწყო, საიდანაც საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბინადარ "კანში" გადავიდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, ბოლოს კი – მიშელ პლატინის მამის, ალდოს რეკომენდაციით, "ნანსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გატარებულმა პირველმა ორმა სეზონმა არცთუ კარგად ჩაიარა – "ნანსი" უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, თუმცა არსენ ვენგერს უკვე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა და ის საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და იმედის მომცემ მწვრთნელად ითვლებოდა. ვენგერის შემდგომი კლუბი "მონაკო" იყო, სადაც მან თავის პირველ წარმატებას მიაღწია, 1988 წელს ვენგერის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1991 წელს საფრანგეთის თასი მოიგო. ვენგერის გუნდში იმ დროის ფეხბურთის ვარსკვლავები გლენ ჰოდლი, პატრიკ ბატისტონი და მარკ ჰეიტლი თამაშობდნენ.
1994 წლის ბოლოს არსენ ვენგერი "მონაკოდან" დაითხოვეს და მან იაპონიაში, კლუბ "ნაგოია გრამპუს ეითში" განაგრძო კარიერა. ვენგერმა 18 თვე გაატარა იაპონიაში და კლუბთან ერთად "იმპერატორის" თასი და იაპონიის სუპერთასი მოიგო, რის შემდეგაც მას მაცდური შეთავაზება მიუვიდა ლონდონის "არსენალიდან", რაზეც ვენგერი დასთანხმდა.
არსენ ვენგერი ინგლისურ პრემიერლიგაში პირველი უცხოელი მწვრთნელია, რომელმაც პრემიერლიგაში ჩემპიონობის მოპოვება შეძლო, ასევე, ის პირველი უცხოელი მწვრთნელია, რომელმაც "ოქროს დუბლი" – ერთ სეზონში ინგლისის ჩემპიონობა და თასი მოიგო და, პირველი უცხოელი მწვრთნელია, რომელიც ინგლისში "წლის მწვრთნელად" დაასახელეს.
2001 წელს არსენ ვენგერს საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნას სთავაზობდნენ, თუმცა, მან კლუბში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
იაპონიაში მუშაობის პერიოდში არსენ ვენგერმა საინტერესო წიგნი დაწერა, რომელიც იაპონელ მკითხველზე იყო გათვლილი. წიგნში ვენგერი აღმოსავლურ კულტურაზე, მართვის წესებსა და ტრადიციებზე ფილოსოფიური ენით საუბრობს.
არსენ ვენგერის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ფეხბურთის გარეშე.
არსენ ვენგერის თქმით, რომ არა ფეხბურთი იგი ალბათ პოლიტიკოსი გამოვიდოდა.
"შეუძლებელია, გააკონტროლო ყველა ფეხბურთელი ლონდონში. უმჯობესია, იყო ოპტიმისტი და გჯეროდეს, რომ ისინი კარგად იქცევიან", _ ამბობს არსენ ვენგერი.