შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: ბრაზილიის ფედერაციის ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ელიზაბედ ლუიზა დოს ს. და 1980 წელს დაბადებული კარინა ე, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ოდეთთე ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ელიზაბედ ლუიზა დ, კარინა ე. და ოდეთთე ვ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ ელიზაბედ ლუიზა დ-ს და კარინა ე-ს პირადი ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4 კილო და 794,68 გრ კოკაინია, ხოლო ოდეთთე ვ-ს ხელბარგის ჩხრეკისას ამოღებულია 14 კილო და 835 გრამი მარიხუანა. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.