გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მეორადი ჩარიცხვების შესახებ სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს
"იშვიათად ვწერ ხოლმე სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო აბიტურიენტთა ნაწილის პროტესტს. ყოველთვის მიმაჩნდა – ჯანმრთელობა, ფიზიკური თუ ემოციური, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მშობლების უმეტესობა დამეთანხმება. გაუგებარია, როდესაც მშობელი თავად ურჩევს შვილს ჯანმრთელობის დაზიანების ფასად მიიღოს გამონაკლისი. კიდევ უფრო სამწუხარო და მიუღებელია, როდესაც საუბარში პოლიტიკური აქცენტი ჩნდება.
ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების სურვილი ამ აბიტურიენტებს მხოლოდ 26 აგვისტოს, პროცესის დასრულების შემდეგ გაუჩნდათ.
ორი შეხვედრა გვქონდა და ვეცადე განმემარტა, რომ ნებისმიერი სახის გამონაკლისის თუ ცვლილების დაშვებისას მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება. არის აბიტურიენტების კიდევ ერთი ჯგუფი – რომელმაც არ გაითვალისწინა სწავლების საფასური, ძვირადღირებულ სასწავლებელში ჩაირიცხა და სწავლას ვერ აგრძელებს. მათაც ანალოგიური შეცდომა დაუშვეს. დამეთანხმებით, რომ დიდი უსამართლობა იქნება ერთი ჯგუფის თხოვნის გათვალისწინება და მეორის იგნორირება – ანუ ძვირადღირებულ სასწავლებლებში ჩარიცხულებს, რომლებიც სწავლების საფასურს ვერ იხდიან, ასევე უნდა მივცეთ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. თუ ასე მოვიქცევით, მათ მიერ გამოთავისუფლებულ ადგილებზე პრეტენზიის მქონეთ, რომლებიც სხვა არჩევანზე ჩაირიცხნენ, რადგან საკონკურსო ქულა არ ეყოთ, მაგრამ ადგილის გათავისუფლების შემდეგ შანსი უჩნდებათ, ვერ ვეტყვით უარს გამოთავისუფლებული ადგილების დაკავებაზე. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ძირითადი წესის დარღვევა იქნება. ეს ყოველივე კი, ალბათ ხვდებით, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელებას გულისხმობს.
პირადად მე მივიჩნევ, რომ არა მხოლოდ საგამოცდო, არამედ ნებისმიერი პროცესის წესების გაცნობა, გათვალისწინება და პატივისცემა ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების უმთავრესი მახასიათებლი უნდა იყოს, თუმცა, თუ ყველა მხარე – ზემდგომი უწყებები, უმაღლესი სასწავლებლები, აბიტურიენტები (ჩარიცხულებიც) და მთლიანად საზოგადოება საჭიროდ მიიჩნევს, მზად ვართ დავიწყოთ ეს პროცესი," – აღნიშნავს მიმინოშვილი.