კელვინ მერფი – 175 სანტიმეტრი
კელვინ მერფი "ჰიუსტონ როკიტსის" რიგებში თამაშობდა 1970-1983 წლებში და იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ კალათბურთელად ითვლებოდა. მისი მთავარი ღირსება იყო სისწრაფე, რომლის საშუალებითაც იგი გაურბოდა მოწინააღმდეგეებს. ასევე, მას ეკუთვნის საჯარიმოების შესრულების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ კელვინ მერფი 180 სანტიმეტრზე დაბალი ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც "საკალათბურთო დიდების დარბაზშია" შეყვანილი. კალათბურთის გარეთ მერფი იმით არის ცნობილი, რომ მას 9 ქალისგან 14 შვილი ჰყავს.
გრეგ გრანტი – 170 სანტიმეტრი
გრეგ გრანტმა კარიერის განმავლობაში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ყველგან ძირითადი ხუთეულის მოთამაშედ ითვლებოდა: "ფინიქს სანში", "ნიუ-იორკ ნიქსში", "შარლოტ ჰორნეთში", "ფილადელფია სიქზერში", "ვაშინგტონ ბულეთში" და "დენვერ ნაგიტსში", სადაც 1996 წელს დაასრულა კიდეც კარიერა. საინტერესოა, რომ გრეგი სულაც არ აპირებდა კალათბურთის თამაშს და სკოლის დამთავრების შემდეგ თევზის მაღაზიაში მუშაობდა, სადაც იგი ტრენტონის კოლეჯის გუნდის მწვრთნელმა შეამჩნია და გამთამაშებლის პოზიციაზე მიიწვია, იქიდან კი "ფინიქს სანზმა" დრაფტის 52-ე ნომრად აიყვანა.
ენტონი უები – 168 სანტიმეტრი
ენტონი "სპად" უებმა თავისი კარიერის საუკეთესო წლები „საკრამენტო კინგზის” რიგებში გაატარა და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 8 072 ქულას მოუყარა თავი, ანუ, ყოველ მატჩში საშუალოდ 10 ქულამდე აკეთებდა. ენტონი წარმოშობით ტეხასის შტატიდან იყო, ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და სიდაბლის მიუხედავად, კალათბურთის თამაშზე ოცნებობდა, რაც აუსრულდა კიდეც. NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დაბალმა კალათბურთელმა კარიერა 1998 წელს დაასრულა.
ტაირონ "მაგზი" ბოუგზი – 160 სანტიმეტრი
ბოუგზი ყველა დროის ყველაზე დაბალი კალათბურთელია, რომელსაც ოდესმე უთამაშია „ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში“. საინტერესოა, რომ მისი თანაგუნდელი „ვაშინგტონ ბულეტში”, NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კალათბურთელი, 231-სანტიმეტრიანი მანუტე ბოლი იყო. ბოუგზის კარიერა 1987 წელს დაიწყო, როდესაც მასთან ერთად დრაფტში მონაწილეობდნენ ამერიკული კალათბურთის ლეგენდები: სკოტი პიპენი, რეჯი მილერი, დევიდ რობინსონი და კევინ ჯონსონი. ტაირონმა კარიერა 2001 წელს დაასრულა, რის შემდეგაც დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი – "გიგანტების სამყაროში".