ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის ისტორიაში ჯანდაცვის სისტემაში უდიდესი მაქინაციის გახსნის თაობაზე გამოაცხადეს. მათ ფინანსური მაქინაციების ბრალდება 111 ექიმს, მედდასა და სხვა სამედიცინო პერსონალს წაუყენეს.
აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, ეს გამოძიება ყველაზე მსხვილმასშტაბიანი იქნება ანალოგიურ საქმეებს შორის.
ამერიკის პოლიციამ გამოაცხადა ქვეყნის 9 ქალაქში დაკავებების თაობაზე – ამ ქალაქებს შორისაა: მაიამი, დეტროიტი, ჩიკაგო, ჰიუსტონი, დალასი და ბრუკლინი. სამედიცინო სფეროს მუშაკებმა პროგრამის – "მედიქეარის" ფარგლებში ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხეს. მათ სამედიცინო მომსახურების ხარჯები მიზანმიმართულად გაზარდეს, რის შედეგადაც სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 225 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
განსაკუთრებით აქტიურად დამნაშავეები ბრუკლინში მოქმედებდნენ, სადაც მიყენებული ზარალი 90 მილიონ დოლარს აღწევს. ამ ქალაქში დაპატიმრებულებს შორის სამი მეცნიერებათა დოქტორი და ერთი ფიზიოთერაპევტიცაა. რაც შეეხება დეტროიტს, იქ 31 ადამიანი დააპატიმრეს, მიყენებული ზარალი კი 23 მილიონი დოლარია.
პროგრამა "მედიქეარის" მომსახურებით ამერიკაში 45 მილიონი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის, მოხუცებულები და ინვალიდები.