თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ამ წუთიდან გიორგი უგულავა უკანონო პატიმარია.
როგორც ბასიალაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე-9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან, რომ ამ წუთიდანვე აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
"რა თქმა უნდა ველოდით, რომ გიგი უგულავას სარჩელი დაკმაყოფილდებოდა. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. ეს არ არის მხოლოდ გიორგი უგულავას გამარჯვება. ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, პირის პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა 9 თვეზე მეტი ხნის ვადით ანტიკონსტიტუციურია. შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქე დღეიდან, უკვე დაცულია სახელმწიფოს მხრიდან თავნებობისგან. რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას – ამ წუთიდან, გიორგი უგულავა არის უკანონო პატიმარი. მისი პატიმრობის ყოველი წამი, ყოველი წუთი ეს არის უკანონო პატიმრობა და ახლა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე-9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან ამ წუთიდანვე აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება", _ აღნიშნა ბექა ბასილაიამ და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის უპირობოდ უნდა შესრულდეს.
მსიივე თქმით, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირის პატიმრობა 9 თვეზე მეტი ხნის მანძილზე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც წინ უსწრებდა დაკავებას, დაპატიმრების პერიოდს, არის არაკონსტიტუციური.
"ეს გადაწყვეტილება ერთი-ერთში იმეორებს ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება გიორგი უგულავას და გიორგი უგულავა უპირობოდ უნდა იქნეს გათავისუფლებული. თუ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს აღმასრულებელი ხელისუფლება სასჯელაღსრულების მინისტრი, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი და ა.შ. გიორგი უგულავა ამ წუთიდანვე უნდა გათავისუფლდეს, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ის არის უკანონო პატიმარი", _ განაცხადა ბასიალაიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.