ქალაქ ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩის დასაწყისში, ეკონომიკის სამინისტრომ, რამდენიმე თვის წინ, 40კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით კერძო პირზე გაასხვისა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
საქმე ისაა, რომ მიწის ახალი მეპატრონე სავაჭრო ობიექტის აშენებას და იქვე მდგარი ცაცხვის ხის მოჭრას გეგმავს. არადა, მოსახლეობის საუბრიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ თავის დროზე, აღნიშნული ფართი იქვე მცხოვრები ჯიჯიეშვილების საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა, ამ ოჯახმა ჩიხში შესასვლელი გზის გაფართოების მიზნით, მიწის ეს ნაწილი წლების წინ დათმო.
"ჩამოვიდნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და თავადაც დარწმუნდებიან, რომ ამ ტერიტორიის გაყიდვა დაუშვებელი იყო. პირი, რომელმაც ეს ფართი შეიძინა, მაღაზიის აშენებას გეგმავს, რაც გზას ჩაკეტავს _ ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობას საკუთარ ეზოებამდე სამანქანო მისასვლელი არ ექნება. სხვას რომ თავი დავანებოთ, გვითხრან, როგორ შევიტანოთ სახლში ყანიდან ამოტანილი მოსავალი?!" _ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ქუჩის ამ მონაკვეთის მცხოვრებლები.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩახვაძის განმარტებით, ეს საკითხი აუცილებლად გადასახედია:
_ აღნიშნული ფართი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, თუმცა, ვფიქრობ, ეს საკითხი კიდევ ერთხელაა გადასახედი. თავის დროზე, ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით, სამინისტრომ წერილობით მომართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, საპასუხოდ უარი მიიღო. ეს გზა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე, აქ გადის კავშირგაბმულობის ქსელები, კანალიზაცია, _ ამბობს ჩახვაძე.
რაც შეეხება ცაცხვის ხის მოჭრას, როგორც გიორგი ჩახვაძემ აღნიშნა, პირმა, რომელმაც აღნიშნული მიწის ფართი შეიძინა, განცხადებით მიმართა საკრებულოს ხის მოჭრის ნებართვის თაობაზე, რაზეც უარი ეთქვა და მხოლოდ ხის გადამორვაზე მიიღო თანხმობა.