გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის ხუთმა წევრმა, გუშინ სფფ-ს პრეზიდენტობის არჩევნებზე ახალი დელეგატის კანდიდატურას უყარა კენჭი. ხუთივე ხმა იური ჩხაიძემ უკვე მეორედ მიიღო და ოქმის თანახმად, 3 ოქტომბერს მან უნდა გააკეთოს არჩევანი, თუმცა, როგორც გაირკვა ეს ოქმიც სადაოა.
საქმე იმაშია, რომ სხდომას ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე არ ესწრებოდა, რომელსაც როგორც ვიცეპრეზიდენტი ბენო თავბერიძე ამბობს, ხმის მიცემის უფლება არ აქვს. თუმცა, გრფფ-ს წესდებაში წერია, რომ სხდომა ლეგიტიმურია, როცა მას პრეზიდენტი ესწრება.
თავბერიძის თქმით, ებრალიძე სხდომაზე არ მოვიდა:
_ ორი წერილი გავაგზავნე _ ლანჩხუთის და თბილისის მისამართზე. მეილზეც გავუგზავნე შეტყობინება და სმს-ის მივწერე, _ ამბობს თავბერიძე, რასაც კატეგორიულად უარყოფს ებრალიძე.
“არცერთი არ მიმიღია. ვიცე-პრეზიდენტმა ბენია თავბერიძემ არ იცის მოკლე ტექსტური შეტყობინების წერა. შეიძლება ნელ-ნელა ასწავლეს, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. თბილისში ვიმყოფებოდი მეუღლესთან ერთად. ახლა დავბრუნდი ლანჩხუთში. თქვენგან გავიგე, რომ ბენია ნიშნავს სხდომას, მესამეჯერ აკეთებს ეს ადამიანი ამას. იქნებ დამელოდნონ და მე დავნიშნო ეს სხდომა?” _ ამბობს ებრალიძე გურია ნიუსთან საუბრისას.
მისივე თქმით, მსგავსი ოქმი ტრიბუნალმა უკვე გააუქმა:
_ ბენია თავბერიძეს თუ უხარია, ატაროს სხდომები. გარკვევით წერია დებულებაში, რომ სხდომას პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ებრალიძემ.
ბენო თავბერიძემ ფეხბურთის ფედერაციაში უკვე გააგზავნა იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ებრალიძე სხდომაზე ნამდვილად მოიწვია. გრფფ-ს ვიცეპრეზიდენტი, პრეზიდენტს ზრდილობასაც უწუნებს:
_ ცუდია, როცა ახალგაზრდა კაცი, მამის ტოლა კაცს ასეთ შეურაცხყოფას აყენებს. ელემენტარული ზრდილობის საკითხია. რა იცის, რომ არ ვიცი სმს-ის წერა? როგორც ჩანს, წაიკითხა სმს, რომელშიც სავარაუდოდ, შეცდომები იყო და წესიერად ვერ გაიგო. დარწმუნებული ვარ, ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებიც მიიღო, _ ამბობს თავბერიძე და დასძენს, რომ მის სატელეფონო ზარებს ებრალიძემ არ უპასუხა.
კახა ებრალიძე ამბობს, რომ თავბერიძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა:
_ ახლა რომ ლამაზი სიტყვებით საუბრობენ და ასეთ კომენტარებს აკეთებენ, ნუთუ ავიწყდებათ, რაზე მელაპარაკებოდნენ? პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ განიცდიდნენ ზეწოლას, სამსახურის გამო სხვა გზა არ ჰქონდათ. ბატონმა ბენიამ მეც გამაკვირვა: ჯერ დამირეკა და მითხრა, რომ ავალებდნენ; შემდეგ, იმავე დღეს, გრფფ-ის ოფისში შეხვედრაზე თქვა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა და როცა ზეწოლა ღიად მოახდინეს, ისიც თქვა, რომ ჩემთვის არ უკითხავსო, _ დასძენს გრფფ-ს პრეზიდენტი.
ებრალიძის ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს თავბერიძე, რომლის თქმით, მასზე არანაირი ზეწოლა არ გახორციელებულა და არც ზეწოლის შესახებ უთქვამს ფედერაციის პირველი პირისთვის.
_ პირველი შეხვედრის დროს დავურეკე, მაგრამ არ მითქვამს, რომ ზეწოლა იყო, მსგავსი საუბარი არ ყოფილა.
_ ბატონო ბენო, ებრალიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, თითქოს, თქვენ ხელი მოგაწერინეს ოქმზე, სადაც წერია, მან „უკანონოდ, წესდების უხეში დარღვევით“ წარადგინა დელეგატი. ამ ხელმოწერიდან მეორე დღეს კი ოფიციალურ კომენტარებში აღნიშნეთ, რომ თქვენ მხოლოდ ერთ რამეზე დაობდით _ არა იმაზე, ჰქონდა თუ არა მას დელეგატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლება, არამედ იმაზე, რომ ეს თქვენს დაუკითხავად გააკეთა. ისიც განაცხადეთ, რომ როცა ოქმზე ხელი მოაწერეთ, დებულება არ გქონდათ წაკითხული. თუ დებულებას არ იცნობდით, რა იცოდით რომ ებრალიძემ იგი დაარღვია?
_ მე ვფიქრობდი, რომ უკანონობა იყო, _ აღნიშნა თავბერიძემ.
მისივე განმარტებით, იმ შეხვედრაზე, რომელიც ლანჩხუთში უნდა შემდგარიყო და რომელსაც ებრალიძეც ესწრებოდა, მხოლოდ იმ მიზეზით არ ჩავიდა, რომ გრფფ-ს წევრზე გრიშა თოდრიაზე ზეწოლა განხორციელდა:
_ ერთად მივდიოდით, როცა დაურეკეს გრიშას. საუბარი ნამდვილად არ გამიგია. როცა ტელეფონი გათიშა, გრიშამ თქვა, რომ იქ ცუდი ამბები ხდება, შეურაცხმყოფელი სიტყვებით დამირეკეს და მე არ წამოვალო. სხვა წევრმაც უარი თქვა წასვლაზე, აღარ ღირს წასვლაო და მეც არ წავედი. ამის შემდეგ დავბრუნდით ოზურგეთში და იქ ჩავატარეთ სხდომა, _ გვითხრა თავბერიძემ.
აღნიშნულ ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ამ დრომდე არ საუბრობს გრიშა თოდრია. ბენო თავბერიძე ამბობს, რომ იგი შეშინებულია და იმალება.
ჩვენთან შეხვედრისას თოდრია აღნიშნავს, რომ სათქმელი უკვე თქვა და მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.
ამ გაურკვეველ და დაძაბულ ვითარებაში შესაძლოა გურიამ საერთოდ დაკარგოს ხმის მიცემის უფლება. 23 სექტემბერს ყველა ვადა იწურება და თუკი სფფ-მ იური ჩხაიძე დელეგატად არ დაამტკიცა, როგორც გრფფ-ს წევრები ამბობენ, გასაჩივრების დროც აღარ დარჩება, რაც თავისთავად ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩენას ნიშნავს.
იმ შემთხვევაში, კი თუ ჩხაიძე დელეგატად დაამტკიცეს, ჩვენი ინფორმაციით, გურიის ხმა ლევან კობიაშვილს ერგება, რასაც პირად საუბრებში გრფფ-ს წევრები ადასტურებენ. მათი თქმით, კობიაშვილის მხარდაჭერა მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, კობიაშვილი სამთავრობო კანდიდატად მოიაზრება:
_ „ახალი ცოცხი კარგად გვის“. ჩვენც ეს გვინდა. ქართულ ფეხბურთს გადარჩენა სჭირდება და არველაძეს რომ ეს შეძლებოდა, რომელსაც ებრალიძე უჭერს მხარს, ამდენ ხანს მოახერხებდა, _ აღნიშნავენ გრფფ-ს წევრები.
ამავე თემაზე: გურიას ახალი დელეგატი და პრეზიდენტობის ახალი ფავორიტი კანდიდატი ჰყავს; გრფფ-ს პრეზიდენტის პირველი კომენტარი ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე _ "ყველაფერი შესაძლებელია"; “სირცხვილით ქუჩაში ვერ გამოვდივარ“ _ რა წერია გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში; "დავემუქრე კი არა, თავს გავუჭყაპავ!“ _ გურიის საფეხბურთო სკანდალები გრძელდება; ხმაურს მოყოლილი მოხსენებითი ბარათი; საპრეზიდენტო მარათონის სატელეფონო ბრალდებები; სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას