ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინიციატივით სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული "შემოქმედობა" აღდგა. "შემოქმედობა" პირველად 1977 წელს ჩატარდა.
მთავარი მუსიკალური ღონისძიებების დაწყებამდე, შემოქმედის ცენტრში მდებარე საჯარო სკოლას, სახალხო მეცნიერ აკაკი სურგულაძის სახელი მიენიჭა.
შემოქმედის ახლადაშენებულ სკვერში მოსულ დამთვალიერებელს ადგილობრივი მხატვრებისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების ნახვისა და შეძენის შესაძლებლობა მიეცა.
20 სექტემბერს სახალხო დღესასწაული "შემოქმედობა – 2015" გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა. გაიმართა ანსამბლ "მეტეხისა" და "თსუ გორდელას“ კონცერტი.
ღონისძიების დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საკუთარი სოფლისა თუ თემის აღმშენებლობის საქმეში, საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა. "საპატიო შემოქმედელის" წოდებები მიენიჭათ: ეთერ გარაყანიძეს – სოფელ შემოქმედში მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ვენერა გოლიაძეს – მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თამაზ შილაკაძეს – სოფელ შემოქმედში უანგარო საქმიანობის განხორციელებისთვის. მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწის წოდებები დაიმსახურეს: პოეტმა დავით ტაკიძემ (შემოქმედელი) ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობის, ლიტერატურის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის, პედაგოგ ლიანა ასლანიშვილს – განათლებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ლიანა ასლანიშვილის თქმით, კარგია, რომ პედაგოგების შრომა მსგავსი ინიციატივით ფასდება. " მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება შემოქმედს. 40 წელი ვიღვაწე ამ სოფელში და ძალიან ბედნიერი ვარ დამიფასდა ეს ღვაწლი. მიხარია, რომ მასწავლებლის ღვაწლი არის დაფასებული და ეს დღევანდელ ღონისძიებაზე ნათლად გამოჩნდა".-თქვა ლია ასლანიშვილმა.
ინჟინერი თამაზ შილაკაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყველა სოფელში უნდა ჩატარდეს.
" გურული ვარ, შემოქმედელი და ეს მეამაყება. ძალიან ვღელავ და მეტს ვერაფერს გეტყვით. "_ თქვა თამაზ შილაკაძემ.
გაიმართა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: "ურეკის", "ბალავარის" , "კოლხას", "ზენაარის", "შემოქმედის", "იადონის", "ოცნების" კონცერტი. კონცერტის მეორე ნაწილში კი ანსამბლებმა "გორდელამ" და "მეტეხმა" ოზურგეთელებისთვის ცნობილი ჰიტები შეასრულეს.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ა(ა)ი.პ. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით მოეწყო.
სახალხო დღესასწაული გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.