გურია ნიუსი ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას გაყიდული ფართი სადაო გახდა ეკონომიკის სამინისტროს გამოეხმაურა. უწყების პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
_ 2015 წლის 04 თებერვალს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზების მიზნით ინიცირებულ იქნა ქ. ლანჩხუთში, თავისუფლების ქ. #1ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 27.06.56.448) ელექტრონული აუქციონი. აუქციონის შედეგად განხორციელდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზება.
,,გურიანიუსის“ სტატიაში ასახული გარემოებები იმის შესახებ, რომ დასახელებული უძრავი ქონება წარმოადგენდა ამავე ქონების მომიჯნავედ მცხოვრები ჯიჯეიშვილების საკუთრებას და ეს უკანაკნელი მათ სახელმწიფო სასარგებლოდ დათმეს სინამდვილესთან შეუსაბამოა. ამასთანავე ის გარემოება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოიცავს ხე-ნარგავს და ქონების გაყიდვით იზღუდება მიმდებარედ არსებულ ჩიხთან მისასვლელი მონაკვეთი (ჩიხით მოსარგებლე კერძო მესაკუთრეებამდე მისასვლელი სამანქანო გზა) ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს.
აღნიშნულ უზუსტობას ცხადყოფს შემდეგი გარემოებები:
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, პრივატიზებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არა 40 კვ.მ.-ს არამედ 24 კვ.მ.-ს.
ამასთან, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებული მიწის ნაკვეთი (24 კვ.მ.) მდებარეობს სტატიაში აღნიშნული შიდა საუბნო გზის (ჩიხი) მიმდებარედ და საერთოდ არ მოიცავს ამ უკანასკნელს (ჩიხს) ან/და მის ნაწილს.
პრივატიზებული მიწის ნაკვეთი თავისუფალია ნარგავებისაგან და შესაბამისად ის არ მოიცავს ,,გურიანიუსის” სტატიაში აღნიშნულ ცაცხვის ხემცენარეებს.
პრივატიზებული მიწის ნაკვეთი არასდროს წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, რასაც ასევე ადასტურებს კერძო საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ქონების აღწერისა და რეგისტრაციის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) და KFW–ს მიერ 2000 წელს განხორციელებული სისტემური მონაცემები, რომლის თანახმადაც დასახელებული ტერიტორია არ წარმოადგენს კერძო მფლობელობა/სარგებლობას და შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაშია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ქონების პრივატიზების მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტოში წარმოდგენილია გუბერნატორის ადმინისტრაციის დადებითი რეკომენდაცია ნახსენები მიწის ნაკვეთის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით.
სააგენტო განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია (ზუსტი მდებარეობა, ქონების შემადგენლობა და სხვა ტექნიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია) შესაძლებელია მოპოვებულ იქნას ქონების განმკარგავ ორგანოდან, შესაბამისად, სააგენტო მზადაა მომართვის შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გასცეს დასახელებული სახის ინფორმაცია, _ აღნიშნულია გამოგზავნილ ინფორმაციაში.