ცოტა ხნის წინ მალაიზიელმა არქიტექტორებმა ნაგებობის პროექტი შექმნეს, სახელწოდებით – "HO2+scraper", რომელიც ცათამბჯენის მსგავსია, თუმცა, ცისკენ კი არ არის მიმართული, არამედ მთლიანად წყალქვეშაა განთავსებული და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
პროექტი არქიტექტურულმა ბიურომ, "Sarly Ade Bin Sarkum"-მა შექმნა. მალაიზიელი არქიტექტორების განცხადებით, "წყალთამბჯენი"იქნება ავტონომიური მცურავი ქალაქი, რომელიც ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიას ზღვის ტალღებიდან, ქარისა და მზის ენერგიიდან მიიღებს. მასში მცხოვრებლები საკვებ პროდუქტებს იმ სასოფლო-სამეურნეო "სავარგულებიდან" მიიღებენ, რომელიც მისავე წიაღში განთავსდება. აქვე განვითარდება აკვაკულტურების მეურნეობები და სხვა ახალი ჰიდროტექნოლოგიები.
"ბიოლუმინესცენციური საცეცები", რომელიც ნაგებობის ძირში იქნება განლაგებული, ენერგიას საკუთარი კინეტიკური მოძრაობის წყალობით დააგროვებენ. ისინი ზღვის ფაუნის საარსებო სივრცესაც შექმნიან. გარდა ამისა, "ბიოლუმინესცენციური საცეცების" წყალობით და ბალასტის დახმარებით, კონსტრუქცია სტაბილურად იტივტივებს.
პროექტის შემქმნელთა აზრით, მომავალში შესაძლებელია, "წყალთამბჯენების" მეგაპოლისებიც შეიქმნას, მით უმეტეს, რომ დედამიწის 71 პროცენტი წყალს უკავია. მალაიზიელმა არქიტექტორებმა საკუთარი ორიგინალური პროექტი ცათამბჯენების ყოველწლიურ კონკურსზე წარმოადგინეს.