თბილისის "დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ფიფიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის დელეგატების საკითხი განიხილებოდა, კენჭი ისევ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დელეგატ გოჩა ტყებუჩავას ეყარა. ფიფიას თქმით, ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჩანს.
"ამ უკანონობის „გაპრავებას“ ხელს ვერ მოვაწერ. ისევ ტყებუჩავა წარადგინეს, კენჭი უყარეს და ახლა ამაზე მიდის მსჯელობა. იქ იყო მოწვეული ასევე იურისტი, რომელმაც განმარტა, რომ კახა ებრალიძეს აქვს უფლება, პირდაპირ წარადგინოს დელეგატი.
მე ვიცი, რომ ამის უფლება მას კანონით არ აქვს. ამდენი ხანია ხალხი ებრალიძეს დასდევს და ვერ ნახეს. ამ სიტუაციაში არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ეს არის უკანონიბის დაკანონება და ეს არის ახლოს სისხლის სამართალთან“, – განაცხადა ფიფიამ.
კითხვაზე, განიხილა თუ არა აღმასკომმა რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის 4 წევრის განცხადება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ როდის ტარდებოდა აღმასკომის სხდომა, ფიფიამ განაცხადა, რომ ის ამ საკითხის განხილვას არ დაესწრო.
"მე არ დავრჩი რაჭა-ლეჩხუმის თემაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ისევ ეს თემა იქნება. როგორც ვიცი, არასამთავრობოები პროკურატურაში ამ საკითხზე განცხადების შეტანას აპირებენ. კარგი იქნებოდა, ზვიად სიჭინავას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დასახელების პარალელურად, აღმასკომის არჩევნების თარიღიც დაენიშნა. ყველა ადამიანმა თავის ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს. ეს ვუთხარი დღეს მე ჩემ კოლეგებს“, _ განაცხადა ფიფიამ.
მისი თქმით, აუცილებელია ჩატარდეს აღმასკომის არჩევნები. ასევე, უნდა იქნას განხილული ძველი 4 წელი, თუ რა პირობებში იღებდა გადაწყვეტილებებს აღმასკომი, ასევე ახალი ბიუჯეტის თემაც და ა.შ.
ფიფიას თქმით, აღმასკომის სხდომაში მონაწილეობას, ის მხოლოდ ახალი აღმასკომის არჩევის შემდეგ მიიღებს.