"ვინც ერთხელ მაინც დასწრებია პოლიტიკური სიის შედგენას, იცის, რომ სია უცებ ივსება მამაკაცებით და შემდეგ იწყება ქალების ძიება იმისთვის, რომ გაალამაზონ სია", – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატიავა განიხილებოდა.
საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც 9 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.
"თემაში ღრმად ჩახედვამდე, ქალთა კვოტების სისტემას არ ვემხრობოდი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს არის ის, რასაც საქართველოში ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს, თუ პოლიტიკურ პროცესში სამართლიანობის მიღწევა გვინდა. ვინც კვოტირების წინააღმდეგია, უმრავლეს შემთხვევაში, სიღმისეულად არ არის საქმეში ჩახედული " – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს იუსტიციის სამინისტროს მონაცემები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 4,6 მილიონი საქართველოს მოქალაქიდან 2,5 მილიონი არის ქალი, 2,1 მილიონი _ მამაკაცი.
"2,5 მილიონი ქალიდან ნახევარი მილიონი არასრულწლოვანია და სწორედ ამ ნახევარი მილიონისთვის გვინდა კვოტების დაწესება და არა ჩვენთვის, ან ქალბატონი ეკასთვის ან გუგული მაღრაძისთვის. იმიტომ, რომ პარტიები ქალების სიაში ჩასმაზე არ ზრუნავენ, საქართველოს პარლამენტის კარი ქალებისთვის არის პრაქტიკულად დახურული, ეს არის რეალობა. თუ 150 დეპუტატში 38 ქალის არსებობა, როგორც ამას წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითხოვს, ბევრია, ამის შესახებ ღიად უნდა ვთქვათ და საქართველოს ქალებს გვეცოდინება. პარლამენტი საქართველოს საზოგადოებას უნდა ასახავდეს. მე არ მეგულება მამაკაცი, რომელიც მეტყვის, რომ საქართველოს ქალებს, ქრისტემდე პერიოდიდან, არ დაგვიმსახურებია ის, რომ თქვენ ჩვენ მოგვცეთ კარგი კანონი და კენჭი უყაროთ იმას, რომ საქართველოს შემდეგი პარლამენტი ასახავდეს საქართველოს საზოგადოებას", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა, 2015 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში. საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან.