ადამიანის უფლებათა ცენტრს, სამართლებრივი დახმარების თხოვნით, მოქალაქე გიორგი გუდაძემ მიმართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების წარმოებაშია საქმე №007170215009, რომელიც გიორგი გუდაძის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტს ეხება.
მოცემულ საქმეზე, პოლიციის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ავტომანქანა "პორშე კაიენი", რომელიც შემთხვევის დროს დაზიანდა.
გიორგი გუდაძის ავტომანქანა ამა წლის თებერვლიდან მტკიცებულების სახით, პოლიციაში იმყოფება. შესაბამისად, მოქალაქე გიორგი გუდაძეს, როგორც ავტომანქანის მესაკუთრეს, არაგონივრული ვადის განმავლობაში ერთმევა საკუთრებით სარგებლობის უფლება.
ჩვენთვის გასაგებია ის ფაქტი, რომ შესაძლოა, გამოძიებას მანქანა ესაჭიროება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უნდა წარიმართოს დროულად და ეფექტურად, მესაკუთრეს კი გონივრულ ვადაში უნდა დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ავტომანქანა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, მათ ავტომანქანა დასჭირდეთ დანაშაულის აღმოჩენისა და დამნაშავის დადგენისთვის, არასაკმარისად დასაბუთებულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოძიება უკვე რვა თვეა, მიმდინარეობს და ამ პერიოდის განმავლობაში, ვაკე-საბურთალოს პროკურატურა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს მესაკუთრისათვის კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნებისა და გამოძიების ეფექტურად წარმართვის კუთხით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვთხოვთ
ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას, გონივრულ ვადაში, დაუბრუნოს მოქალაქე გიორგი გუდაძეს კუთვნილი ავტომანქანა, რათა მან შეძლოს საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობა.